‍ვარლამ ხუროძე (მალაქიაშვილი)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

khurodze va134ვარლამ მალაქიას ძე ხუროძე, რომელიც ქართულ მწერლობაში მალაქიაშვილის ფსევდონიმით არის ცნობილი, თვალსაჩინო პედაგოგი იყო.

ვარლამ ხუროძე დაიბადა 1883 წელს იმერეთის სოფელ მათხოჯში, ღარიბი გლეხის ოჯახში. იგი ნაყოფიერ ლიტერატურულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა: მასწავლებლობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა მეთოდური ხასიათის წერილებს, ავტორია მთელი რიგი სასკოლო სახელმძღვანელოებისა, ლექციებს კითხულობდა ქართული ენის მეტოდიკასა და ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

ვარლამ მალაქიაშვილს ეკუთვნის ცნობილი რომანები: „შოთა ბროლიძე”, „სამნი”, „გრიგალი საქართველოში”; მოთხრობები: „ლუკმა-პურისათვის”, „ორი საფლავი”, „მე მუნჯი ვარ”, „სამოთხეში”, ახალი პარტახი”, „სიკვდილი და სიცოცხლე” და სხვ.; დრამატული ნაწარმოებები: „შავი გველი”, „მშობლიური ბუდისაკენ”, აგრეთვე მრავალი ლექსი.

იგი ავტორია მრავალრიცხოვანი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა: „სიმბოლიზმი ქართულ ლიტერატურაში”, „წერილები ლიტერატურის შესახებ”, „მუშათა კლასი და ხელოვნება”, „ემილ ვერჰარნი”, „ჰენრიკ იბსენი”, „აკაკი წერეთელი”, „მიხეილ ჯავახიშვილი”, „ეგნატე ნინოშვილი”, „ორი სტილი”, „ილია ჭავჭავაძე, როგორც ლიტერატრული კრიტიკოსი”, „ი. დავითაშვილის შემოქმედება”, „რუსთაველის სოციალური იდეალი” და სხვ.

თავის თავგადასავალს მოკლე ავტობიოგრაფიაში ვარლამ ხუროძე ასე გადმოგვცემს: „1899 წელს ხონის ორკლასიან სასწავლებელში მიმაბარეს. საშინელი ბიუროკრატიული სული მეფობდა ამ სკოლაში: მოწაფის პიროვნების მუდამ ფეხქვეშ თელვა, ფიზიკური შრომისა და სიღარიბისათვის ზოგიერთი მასწავლებლის მხრივ მოწაფეების მასხრად აგდება, ცემა-ტყეპა, დაჩოქება, კინწისკვრა.

1901 წელს ასრულდა დედაჩემის დიდი ხნის ნატვრა და მტკიცე სურვილი და მეც ხონის სასოტატო სემინარიაში მეორე მოწაფედ ჩავაბარე გამოცდა... ამ სასწავლებელში მე ვიწვნიე ბიუროკრატიული სკოლის ყველა „სიკეთენი”, მაგრამ ძვალსა და რბილში გამიჯდა ის აზრი, რომ ხალხის სამსახურისათვის შემეწირა ჩემი თავი. ამ სამსახურს მე უმთავრესად მწერლობაში ვხედავდი. მწერლად გახდომის სურვილმა ერთბშად შემიპყრო შემდეგ პირობებში: 1900 წელს ჟურნალ „ჯეჯილში” ვნახე ახლადგარდაცვლილი გიორგი წერეთლის მშვენიერი სურათი და პოეტი ქალის განდეგილის მწერლისადმი მიძღვნილი ლექსი: „დიდუბევ, ძველო ტაძარო”.

ლექსებმა და წერეთლის ლამაზმა სურათმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ამ დღიდან მწერლობაზე ვოცნებობდი.

მასწავლებელ ლავრენტი ჩიმაკაძის მიბაძვით დავიწყე სახალხო ლექსების შეგროვება, მერე თარგმნას შევუდექი და მალე ჩემი სახელი და გვარიც ვნახე დაბეჭდილი ჯერ „ჯეჯილში” და მერე ი. როსტომაშვილის „მოგზაურში”, „მწყემსსა” და „ცნობის ფურცელში”. სამ უკანასკნელ ოგანოში თარგმანები მოათავსეს, ხოლო 1904 წლის „ცნობის ფურცლის დამატებაში” დაიბეჭდა ჩემი პირველი ორიგინალური მოთხრობა „დედის მსხვერპლი”.

1904 წელს, სემინარიის კურსის დასრულების შემდეგ, მასწავლებლად გამამწესეს სოფელ მრევში (ჭიათურის რაიონი). ერთი წლის შემდეგ ლანჩხუთში გადამიყვანეს. ეს წლები რევოლუციური წლები იყო. პირველ ხანებში მოუმზადებლობის და შესაფერი წრის უქონლობის გამო არ ვიყავი მაინცდამაინც აქტიური, ლანჩხუთში კი ერთნაირად გადავეშვი პოლიტიკურ მუშაობაში.

19077 წლიდან სამი წელიწადი ვმასწავლებლობდი სოფელ შუქრუთის (ჭიათურის რაიონი) შავი ქვის მრეწველთა სკოლაში.

1910 წელს კიტა აბაშიძის დახმარებით სწავლის გასაგრძელებლად შევედი მოსკოვში არსებულ მანიავსკის უნივერსიტეტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის კურსი დავასრულე 1913 წელს. ამ წლებში გამუდმებით ვეწეოდი რევოლუციურ მუშაობას.

1913 წლის მიწურულში დამატუსაღეს და რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ ქალაქ ასტრახანში გამგზავნეს”.

ვარლამ ხუროძე გადასახლებიდან მალე გამოიქცა და ქუთაისში განაგრძობდა არალეგალურ მუშაობას. 1914 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს და კვლავ ასტრახანში გადაასახლეს, სადაც დაჰყო 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე. იმავე წლის სექტემბერში მან მუშაობა დაიწყო ხონის საოსტატო სემინარიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1924 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და 1927 წლამდე ყოფილ მე-14 შრომის სკოლაში მასწავლებლობდა. 1927 წლიდან ვარლამ ხუროძე ქ. თბილისის განათლების განყოფილებასთან არსებული ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელი და მეთოდისტი იყო.

ვარლამ ხუროძე გარდაიცვალა 1939 წელს.

ვარლამ ხუროძე ნიჭიერი და გულისხმიერი მასწავლებელი იყო. მოწაფეებთან მას გულთბილი დამოკიდებულება ჰქონდა. ასწავლიდა მონდომებით და ძალ-ღონეს არ იშურებდა, ბავშვებისათვის საფუძვლიანი ცოდნა მიეცა. მისი ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობდნენ, სკოლის კურსის დამთავრების შემდეგაც არ სწყვეტდნენ კავშირს აღმზრდელთან და თავიანთ აზრებს აცნობდნენ, რჩევა-დარიგებასა და დახმარებას თხოვდნენ.

განსაკუთრებით უნდა შევჩერდეთ ვარლამ ხუროძის პედაგოგიურ-მეთოდიკურ მემკვიდრეობაზე. ამ დარგში ვარლამ ხუროძეს თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი. თავის წერილებსა და მონოგრაფიულ ნარკვევებში ავტორი დიდ დაკვირვებულობასა და საგნის ღრმა ცოდნას იჩენს. ეს ნაშრომები ჩვენს სკოლასა და მასწავლებლებს თავის დროზე საკმაო დახმარებას უწევდა ახალგაზრდების სწავლა-აღზრდის საქმეში.

ამ წერილებიდან, პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს ვარლამ ხუროძის შემდეგი სტატიები: „კითხვისა და წერის სწავლება ახალი სკოლის პირობებში”, „მშობლიური ლიტერატურისა და ენის სწავლების საკითხები”, „ლიტერატურის პროგრამები საშუალო სკოლებში”, „მშობლიური ენის დაუფლებისათვის”, „კითხვისა და წერის შესწავლის მეთოდი ძველ საქართველოში” და სხვ.

ვარლამ ხუროძის გამოკვლევით დასტურდება, რომ ჩვენში წერა-კითხვას ძველად ანბანთ მეთოდით ასწავლიდნენ, რაც დიდ სიძნელესთან იყო დაკავშირებული. დასაბუთებულია აგრეთვე, რომ ქართულ ლიტერატურაში ცნობილი ჟანრი „ანბანთ ქება” არა უბრალო გართობის, არამედ წმინდა პედაგოგიური მიზნით იყო შექმნილი, მისი მეშვეობით ქართველ მოსწავლეებს ქართული ანბანის თავიდან ბოლომდე დაზეპირებას უადვილებდნენ.

მაგრამ დროთა განმავლობაში აღნიშნული მეთოდი განდევნა წერა-კითხვის სწავლების უფრო პროგრესულმა და ადვილმა ბგერით ანალიზურ-სინთეზურმა მეთოდმა, მაგრამ ამავე დროს ჩვენში პარალელურად (1921-1929 და მომდევნო წლები) გავრცელებული იყო წერა-კითხვის სწავლების ეგრეთ წოდებული „ამერიკული მეთოდი”, რომელსაც მთლიანად სიტყვათა მეთოდიც ეწოდება.

ვარლამ ხუროძეს აღნიშნული აქვს ეს ფაქტი და მიუთითებს, რომ რომელიმე ერთ მეთოდზე მთლიანად დაყრდნობა გაუმართლებელია და წერს: „მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს ყველა ეს მეთოდი, რათა მას თავისუფლად შეეძლო სხვადასხვა საშუალებით ხმარება უკეთესი წარმატებით მოპოვების მიზნით”. ამავე წერილში ავტორი ეხმიანება „ანბანის” სავალდებულო სახელმძღვანელო წიგნის საჭიროების საკითხს, როგორც ცნობილია, რუსეთსა და ჩვენში ბევრნი იყვნენ „ანბანის” სახელმძღვანელოს გამოცემის წინააღმდეგნი. ისინი მოითხოვდნენ თითოეულ სკოლას, თითოეულ მასწავლებელს გამოენახა ანბანის შესწავლის ინდივიდუალური გზა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და თვით შეერჩია ამისათვის საჭირო მასალა.

1927 წელს ვარლამ ხუროძემ ჟურნალ „განათლების მუშაკში” (№№ 1, 2) გამოაქვეყნა წერილი „მშობიური ლიტერატურისა და ენის სწავლების საკითხები”. ავტორი ეხება მშობლიური ლიტერატურისა და ენის სწავლების უდიდეს მნიშვნელობას ადამიანის ესთეტიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდის საქმეში. ვარლამ ხუროძე დასახელებულ წერილში მკაცრად გაილაშქრა იმ პერიოდში ქართული ლიტერატურის სწავლების დარგში გაბატონებული მშრალი სოციოლოგიზმის წინააღმდეგ და აღნიშნა: „ჩვენს სკოლას ბლომად მოეპოვება ისეთი მასწავლებლებიც, რომელთა წარმოდგენით საზოგადოებათმეცნიერება და მშობლიური ლიტერატურა ერთი და იმავე მნიშვნელობის საგანია. ამიტომ ლიტერატურის გაკვეთილები მათ საზოგადოებათმეცნიერებად აქვთ გადაქცეული და ამნაირად ხელოვნების დარგი – მხატვრული ლიტერატურა – მეცნიერებად არის მიჩნეული. ილია ჭავჭავაძის ან ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობებს იმ მიზნით კი არ ასწავლიან, რომ მოწაფეებმა, უპირველეს ყოვლისა, მხატვრული სახეებით იაზროვნონ, არამედ მოლოდ იმისათვის, რომ შეისწავლონ, ვთქვათ, ბატონყმობის სიმკაცრე, ან კიდევ ის ტკივილები, რომელიც იგრძნო ქართველმა ხალხმა რუსული თვითმპყრობელობის დამკვიდრების პროცესში. ერთი სიტყვით, ხელოვნური სახეები სრულებით იჩრდილება ხელოვნების ურთულესი დარგის – ლიტერატურის – სწავლების დროს და წინ დგება მეცნიერული მომენტი” (გვ. 27).

ამ ფაქტის აღნიშვნა და ისი უარყოფითად შეფასება იმ პერიოდში, უდავოდ მოწმობს ავტორის კეთილშობილებას, გაბედულებასა და მხურვალე სიყვარულს როგორც ლიტერატურის, ისე სკოლისა და მოსწავლეებისადმი, რომლებსაც დამახინჯებულად ასწავლიდნენ ჩვენს მდიდარ, მაღალმხატვრულსა და შინაარსიან ლიტერატურას.

რა მიაჩნია ამ ნაკლოვანებათა გამომწვევ მიზეზებად ავტორს და რას მოითხოვს მათი გამოსწორების მიზნით?

პირველი ამ მიზეზთა შორის არის მასწავლებელთა მოუმზადებლობა, საგნის უცოდინარობა, რაც იმით აიხსნება, რომ გავრცელებულია აზრი, „თითქოს ქართულ იენის სწავლება ყველა მასწავლებელს შეეძლოს”.

ვარლამ ხუროძის აზრით, საჭიროა ქართული ლიტერატურის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნდა ითავოს.

მეორე – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მოკლებული არიან მეთოდურ ლიტერატურას, ამიტომ აუცილებელია ასეთი ლიტერატურის გამოცემის დაჩქარება.

მესამე – საჭიროა განათლების ხელმძღვანელმა ორგანოებმა შეიმუშაონ და დააზუსტონ ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა, სავალდებულო გახადონ ის ყველა მასწავლებლისათვის და ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საგნების სწავლების მდგომარეობას, რადგან მათი ცოდნის გარეშე შეუძლებელია სხვა საგნებში მიწოდებული ცოდნის ღრმად დაუფლება.

ვარლამ ხუროძის ეს მოსაზრება თავის დროზე, უდავოდ, ანგარიშგასაწევი და საყურადღებო იყო.

1927 წელს ვარლამ ხუროძემ გამოსცა წიგნი „ქართული ლიტერატურის თემატური განხილვა. XIX საუკუნიდან თებერვლის რევოლუციამდე”, რომელიც სკოლისათვის, მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის იყო განკუთვნილი. ასეთი წიგნის გამოცემა პირველი ცდა იყო ჩვენში. მასწავლებელი თემატურად განხილულია თვალსაჩინო ქართველი მწერლების შემოქმედება.

მწერალთა შემოქმედების თემატიკური გაშუქება ღირსებასთან ერთად ერთგვარ უხერხულობასაც იწვევდა, რადგან ზოგიერთ მწერალზე საუბარი რამდენიმე თემასთან დაკავშირებით იყო საჭირო. მაგალითად,&ნბსპ; ილია ჭავჭავაძეზე საუბარია პირველ, მეორე, მეოთხე და მეექვსე თემასთან დაკავშირებით. ეს გარემოება კი აძნელებდა მწერალზე მთლიანი შთაბეჭდილება-შეხედულების გამომუშავებას.

ამისა და ზოგიერთი სხვა ნაკლოვანების მიუხედავად, წიგნმა თავის დროზე დადებითი შეფასება მიიღო.

ვარლამ ხუროძეს ეკუთვნის აგრეთვე მთელი რიგი მეთოდიკური წერილები ზოგიერთი მხატვრული ნაწარმოების სწავლების შესახებ.

ვარლამ ხუროძე იყო ნიჭიერი მწერალი და პედაგოგი, გულისხმიერი ადამიანი და მოქალაქე, რომელიც სიკვდილამდე ხალხს უანგაროდ ემსახურებოდა.