‍ბაბილინა ხოსიტაშვილი (1884-1973)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990

xositashvili Ba1906 წელს, გაზეთ „მუშაში“ დაიბეჭდა ლექსი „ხმა ჯურღმულიდან“, რომელსაც ხელს აწერდა ვინმე „მუშა ქალი“. ეს მუშა ქალი გახლდათ ცნობილი პოეტისა და მგზნებარე რევოლუციონერის, იროდიონ ევდოშვილის და, პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე ქალი – ბაბილინა ხოსიტაშვილი.

ლექსმა ყურადღება მიიქცია სოციალური საკითხის სიმძაფრით, კაპიტალისტური წეს-წყობილების წინააღმდეგ მიმართული პროტესტით. და საკვირველი როდია, რომ გამწვავებული რეაქციისა და მასების აზღვავების წლებში ამ ლექსს დიდი ექო ჰქონდა, ხელიდან ხელში გადადიოდა.

– ყოჩაღ, ბაბილინა! – უთხრა ახლად გაღვიძებულ დას ოთახში შესულმა იროდიონმა და გაზეთი გაუწოდა, – ხედავ, შენი ლექსები სჭექენ და ჰქუხან!

ბაბილინას ლექსი „ხმა ჯურღმულიდან“ ერთდროულად დაიბეჭდა „თეატრსა და ცხოვრებაში“ და „ცნობის ფურცელის“ დამატებაში.

ერთხელ ბაბილინას რედაქციაში მწერალი ქალი, ნინო ყიფიანი შეხვდა.

– მითხარი, გეთაყვა, ეს თქვენ ხართ ცნობილი ბაბილინა?!

ეს არ იყო გადაჭარბებული თქმა.

ბაბილინა ხოსიტაშვილი პირველი დემოკრატი-მუშა პოეტი ქალია, რომელმაც მწერლობაში შემოიტანა დემოკრატიული იდეები და თავისი გაბედული, ომახიანი ხმა და ხალხის თავისუფლებისათვის თადადებულ მებრძოლი პოეტების: იროდიონ ევდოშვილის, ნ. ჩხიკვაძის, გიორგი ქუჩიშვილისა და ვარლამ რუხაძის ხმებს შეუერთა.

ძნელია იმ შთაბეჭდილების გადმოცემა, რომელიც ახალგაზრდა ქალზე მოუხდენია საპირველმაისო დემონსტრაციას.

„ქუჩაში გამოსულთა შუაგულში მოვხვდი, – წერს ბაბილინა, – ვიღაცამ უბიდან წითელი დროშა ამოიღო და ააფრიალა. „შენც გინდა?!“ – მკითხა უცნობმა. მალე მეც ხელში წითელი დროშა მეჭირა. ახლა თავი ნამდვილ რევოლუციონრად წარმოვიდგინე და მტკიცე ნაბიჯით, გაბედულად გავყევი ხალხის ტალღას. ეს იყო ჩემი პირველი რევოლუციონური ნათლობა“ (აკად. გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმი. ბ. ხოსიტაშვილის არქივი, ფ. №200079).

ბაბილინას მამა, ისაკი, სოფლის მთავარი დიაკვანი ყოფილა. ხუთი წლის პატარა ბაბილინასათვის წერა-კითხვა მას უსწავლებია. როგორც მწერალი გადმოგვცემს, დედა, ევდოკია, რომლის სახელი იროდიონ ევდოშვილმა თავის ლიტერატურულ ფსევდონიმად აირჩია, კარგი მეოჯახე და შვილების გულისხმიერი აღმზრდელი ყოფილა. ისაკი კარგი მწიგნობარი იმ დროისათვის განათლებული, შვილებს პატრიოტული სულით ზრდიდა.

უყვარდა ბაბილინას თავისი მშობლიური სოფელი, სიღნაღის ულამაზესი კუთხე, ბოდბისხევი.

„ბოდბისხევი ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში სულ ეკლესიებით და საყრდრებით დასერილი მახსოვს, – იგონებს ბაბილინა, – ახლაც თვალწინ მიდგას გრძელი რიგით მოფენილი ხევი, დიდი წვიმების დროს სტიქიურ ნიაღვრად რომ აიქოჩრებოდა ხოლმე და რაც წინ შეხვდებოდა, თან გაიყოლებდა. რამდენ წანწკარა წყაროების გამაგრილებელი ცივი წყლით დავმტკბარვარ აქ. ვამაყობდი ჩემი სოფლის ბოსტნებითა და ბაღ-ვენახებით, ლეღვებითა და დახუნძლული ხეებით. მაშინ ისე მეჩვენებოდა, რომ ჩემისთანა სოფელი სხვაგან არსად არის-მეთქი. ტკბილ მოგონებად დამრჩა აქაური საეკლესიო დღესასწაულები, ღამის მთევლებითა და ლხინით, სოფლის გოგო-ბიჭების სიმღერა-ცეკვა-თამაშით...“ („მშობლიური სოფლიდან დედაქალაქად“, 1964, გვ. 24)

ბაბილინას არ ავიწყდებოდა ბოდბის ეკლესიის სამრეკლო, სკოლა და საყვარელი მასწავლებლები და თანაკლასელები, ოქროანთა კლდეებზე ასვლაში რომ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

სწრაფად გაირბინა ბაბილინას ბავშვობის უდარდელმა წლებმა, შეიცვალა მისი ცხოვრება – ბუნების წიაღში აღზრდილი გოგონა წმინდა ნინოს მონასტერთან არსებულ ქალთა სასულიერო სემინარიაში მიაბარეს. შემდეგ თვითონაც არ იცოდა, რატომ ისურვა აქ, მონასტერში მონაზვნობა, წუხდა, რომ ახალი საუკუნის განთიადს, რომელმაც ხალხს ბევრი ახალი საფიქრალი და თავსამტვრევი მოუტანა, იგი ცხოვრებისაგან მოწყვეტილ მონასტრის კედლებში შეხვდა. „თუმცა ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ბევრს ვფიქრობდი მომავალ ცხოვრებაზე, – წერს ბაბილინა, – ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მე მეჩვენებოდა“ (იქვე, გვ. 10).

ამიტომ ბაბილინა ძალიან ემადლიერებოდა თავის ძმას იროდიონს, ამბობდა, ის რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, როდის მეღირსებოდა ახალგაზრდა ქალს მონასტრიდან თავის დაღწევაო.

იროდიონი რომ გამოჩნდა თავის დის წასაყვანად, ტაძარში წირვა მიდიოდა. მომღერალ ქალების გუნდში თავისი და იცნო. ბაბილინა უხალისოდ, დაღონებული იმეორებდა გალობის ტექსტს, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა მის სულიერ განცდებთან.

ფაქიზი გულის პოეტს, იროდიონ ევდოშვილს ამ სურათის დანახვაზე შეაჟრჟოლა და ბაბილინა გარეთ გამოიხმო.

„– წავიდეთ აქედან, შენი ადგილი აქ არ არის, წამო, ქვეყნის ავ-კარგს გიჩვენებ და თუ არ მოგეწონება, მონასტერი სად გაგექცევა?“ – უთხრა იროდიონმა.

იროდიონი ბაბილინაზე თორმეტი წლით უფროსი იყო. ცხადია, ძმის რჩევა ბაბილინამ უყოყმანოდ მიიღო.

1902 წელს ბაბილინა ხოსიტაშვილი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. მართალია, სწავლამოწყურებულმა ქალმა სხვადასხვა მიზეზების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, მაგრამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობამ დიდად შეუწყო ხელი მის თვითგანათლებას.

ბაბილინა პანსიონის წლებშივე გაიტაცა ლიტერატურამ. ჯერ კიდევ 14 წლისამ დიდი ინტერესით წაიკითხა თავის ძმისა და უფროსი მეგობრის იროდიონ ევდოშვილის ლექსები. მის ოჯახში ბევრი რევოლუციისთვის თავდადებული ადამიანი გაიცნო. დიდი გავლენა ჰქონდა იროდიონს და სტამბაში დააწყებინა მუშაობა, რომ დაახლოვებოდა მუშებს, ენახა მათი ნამდვილი ცხოვრება და უკეთ გარკვეულიყო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებში.

ამ მხრივ, სტამბაში მუშაობა დიდი სკოლა აღმოჩნდა ბაბილინა ხოსიტაშვილისათვის.

ბაბილინას კიდევ ორი ძმა ჰყავდა – ილიკო (ილარიონი) და თომა ხოსიტაშვილები.

ილარიონი, სამხედრო პირი, კავკასიის ომების აქტიური მონაწილე გახლდათ, რომელიც შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით გავიდა პენსიაზე.

იროდიონის საყვარელ უფროს ძმას, ილარიონს კარგად იცნობდა იმდროინდელი საზოგადოება. ამ ომების მონაწილე ნ. ჭავჭავაძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბარონ ნიკოლაის, მიხეილ ამირეჯიბის დღიურებში ხშირად შეხვდებით ამ კეთილშობილი ადამიანის სახელს.

ერთადერთ დას ძალიან ანებივრებდნენ ძმები, მაგრამ ბაბილინას გზის გამკაფავი, მისი შთამაგონებელი მაინც იროდიონი იყო.

ხშირად მწარე ცრემლებით იგონებდა ბაბილინა თავის ოჯახს და გაჭირვებაში გაზრდილ ძვირფას ძმას იროდიონს. იშვიათად იყო მათ ოჯახში სანოვაგე და უკვირდა ბაბილინას, საიდან ჰქონდა იროდიონს ასეთი ენერგია, როცა ხშირად მხოლოდ ცარიელ პურსა და წყალზე გადადიოდა.

უკურნებელი სენი (ჭლექით იყო დაავადებული) დღითიდღე ერეოდა იროდიონს, ხშირად უნახავს ბაბილინას, როგორი გატაცებით მუშაობდა ასეთ პირობებში, როგორ დაათენდებოდა თავზე და მასთან ფეხაკრებით შესული ლამპას უქრობდა.

1905 წელს ბაბილინა ხოსიტაშვილი ავლაბრის არალეგალურ სტამბაში იწყებს მუშაობას. შემდეგ მთაწმინდის არალეგალურ სტამბაში განაგრძობს მუშაობას, სადაც იმხანად პარტიული ლიტერატურა იბეჭდებოდა.

1908-1909 წლებში ბაბილინა საკვირაო სკოლაში ეწყობა მასწავლებლად. აქედან იწყება მისი დაახლოება მწერალ ქალებთან და ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელთან და მარიამ დემურიასთან ერთად საყმაწვილო ჟურნალებში „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“ იწყებს მოღვაწეობას.

დიდებული სკოლა იყო ბაბილინასათვის სტამბაში მუშაობის წლები. აქ ბევრი რამ ნახა და გაიცნო, მის გვერდით იყვნენ სტამბაში მომუშავე ქალები: ცნობილი ქართველი პოეტის გიორგი ქუჩიშვილის მეუღლე ვასასი ჩხეიძე და მივიწყებული პოეტის, ვასო ჩოხელაშვილის (ტუქსიშვილის) მეუღლე, რევოლუციონერ ფუნდუ ჩიხლაძის და – რახილო კალანდაძე. ყველა ისინი ბაბილინასთან ერთად ემზადებოდნენ მომავალ რევოლუციის შესახვედრად: „ჩვენ, რევოლუციონერ-დემოკრატი ქალები, – იგონებს ბაბილინა, – იმდენად გატაცებულნი ვიყავით მშრომელი ხალხის თავისუფლებითა და კეთილდღეობით, რომ ხშირად არალეგალურ კრებებზე საბანში გახვეული ჩვილი ბავშვით მივდიოდით“.

1901 წელს, როგორც ზემოთ ვთქვით, ბაბილინა უკვე გამოჩნდა პრესაში. ამის შემდეგ სისტემატურად იბეჭდება იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. იგი იმდენად პოპულარული იყო, რომ 1916 წელს ქუთაისსა და ბაქოში გამართულ ლიტერატურულ საღამოებზე ცნობილ ქართველ პოეტებთან: გიორგი ქუჩიშვილთან, ნოე ჩხიკვაძესთან და ნოე ზომლეთელთან ერთად მიიწვიეს.

საინტერესოა ბაბილინა ხოსიტაშვილის პირველი ლიტერატურული ნაბიჯები. მის ერთ-ერთ მოგნებაში ვკითხულობთ: „როდესაც პოეტური ხანის დასაწყისში ჩემს ლექსებს იროდიონს ვუჩვენებდი, ის დამიწუნებდა ხოლმე. ბუნდოვანიაო, მეტყოდა და დამიწყებდა ახსნა-განმარტებას, როგორ მეწერა და რისთვის გამემახვილებინა ყურადღება&ნბსპ; დაბოლოს, როდესაც საკამათოდ მოვემზადებოდი, სარკასტული ღიმილით დასძენდა: „მაშ, როდესაც შენი ლექსები გაზეთში დაიბეჭდება, თან მიჰყევი და ყველა მკითხველს აუხსენი, რისი თქმაც გინდა. შემდეგ სერიოზულად მირჩია, მე, როგორც ძმას, მეუხერხულება შენი ლექსების გასწორება. ბეგლარს წაუკითხე ხოლმე, პატიოსანი ყმაწვილია. გულწრფელად შეაფასებს შენს ლექსებს, მუსიკისა და რითმის დიდი გრძნობა აქვსო“.

მეც დავიწყე ბეგლარ ახოსპირელის ოჯახში სიარული, მას ორი ჩემი ტოლი გასათხოვარი და ჰყავდა. ლექსების გასწორების გარდა, იგი მარქსისტულ ლიტერატურას მაცნობდა, სწორედ ამ დროს წავიკითხე „შრომა და კაპიტალი“. მისივე ხელმძღვანელობით დავეუფლე რუსულ-ქართულ და უცხო ენათა ლექსიკონის გამოყენებას. ბეგლარი ასევე მეხმარებოდა დარვინიზმისა და ნიცშეს ფილოსოფიის საკითხების ათვისებაში, მაგრამ ჩემს გაჭირვებას ყველაფერი ეს ვერ შველოდა. მართალია, იგი სცენაზე დასადგმელ ცალკეულ პიესების როლების ამოწერისათვის გარკვეულ თანხას მაძლევდა, მაგრამ საარსებო წყარო მაინც საძებარი მქონდა“ (აკად. გ. ლეონიძის სახ. საქ. ლიტ. მუზეუმი, ბ. ხოსიტაშვილის ფ. №18211).

გაუჭირდა ბაბილინას ქალაქში ცხოვრება. მართალია, სანოვაგეს ხანდახან ძმები აწვდიდნენ, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, ძნელი იყო მუდამ სხვისი იმედით ცხოვრება...

სწორედ ამ პერიოდთან დაკავშირებით ჩვენ მივაკვლიეთ ბაბილინას ერთ-ერთ წერილს ეკატერინე გაბაშვილისადმი:

„პატივცემულო ქ-ნო ეკატერინე!

ბოდიშს ვიხდი, რომ გარემოება მაიძულებს მოგმართოთ და შეგახსენოთ, თუ გაიხსენებთ მე თქვენ წინათაც მოგმართეთ და თქვენ დამპირდით, თუ იქნება სადმე ადგილი, მითხარით და ვნახავ იმ პირს, ვისაც ეს ეხება.

ახლა მე კაპანაძის ქალთან ვარ დროებით, ჩემი მდგომარეობა უკიდურესია... ლევან ფურცელაძე მე თვითონ ვნახე პირადათ, მაგრამ არაფერი გამოდის.

ბანკში უნდა უსათუოთ იყოს ადგილი. მე მითხრეს, რომ თუ მოინდომებს, ე. ი. ბანკში მოსამსაურე უფროსები, ადგილი არისო.

ეს მაინც ნამდვილად ვიცით, რომ ლიზა მესხიშვილის ადგილი თავისუფალია. ქალი ოთხი თვე იქნება დაჭერილია და ციხეში ზის. ერთი სიტყვით, რომ გამიშვან, სულ მცირე ჯამაგირით (20 მან.) ვიმუშავებ. არც თავშესაფარი მომეძევება, არც საჭმელი. რაცა ხანია სასწავლებელი დავამთავრე, ადგილს ვეძებ, მაგრამ უპროტექციოდ ვერას გავხდი. თავს ხომ ვერ მოვიკლავ. მინდა სიცოცხლეს გულში ჩავხედო. წინაზე გამოცხადებული იყო, რომ ახლო მომავალში გამოვა კრებული ახალგაზრდა ავტორებისა, მათ შორის მეც ვიყავი მოხსენებული.

მე მსურს, გავაკეთო რამე... ცხოვრება კი მახრჩობს, მწყურია ცხოვრების საიდუმლოების გაგება, სწავლა-განვითარება, რატომ არ მაძლევენ საშუალებას.

მაპატიეთ, არ მინდა შეგაწუხოთ, გევედრებით, თუ მიშველით რამეს. ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, თუ კაცი მოისურვებს. ათასი ბოდიში“.

ასეთ მძიმე, ჯოჯოხეთურ პირობებში იმყოფებოდნენ რევოლუციონერი მწერალი ქალები. ბაბილინა ეკატერინე გაბაშვილს ჩერნიშევსკის გმირ ქალს, ლიზას ეძახდა, სჯეროდა და სწამდა მისი. ასეც იყო. ხალხოსნური იდეებით გატაცებული, ქალთა თანასწორუფლებიანობისათვის მებრძოლი ეკატერინე გაბაშვილი ყველა გაჭირვებულის მზრუნველი და დამხმარე იყო. მით უმეტეს, მწერლობაში ახალფეხადგმულ მუშა პოეტი ქალის მდგომარეობა მისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. ეკატერინემ ბაბილინა დროებით პოეტ კოტე მაყაშვილის ოჯახში მოაწყო. მაშინ კოტე მაყაშვილი ეკატერინეს სახლში ცხოვრობდა ცოლ-შვილით. პირველ ხანებში ბაბილინამ სიამოვნებით დაიწყო კოტე მაყაშვილის ბავშვების მეცადინეობა. უკითხავდა „ნაკადულს“ და „ჯეჯილს“, აცნობდა საქართველოს ისტორიას, მაგრამ ხედავდა, რომ ეს არ იყო მისი საქმე, ეს მას ვრ დააკმაყოფილებდა, მისი მიზანი და მისწრაფება სხვა იყო. ამიტომ დიდი ბოდიში გამოეთხოვა კოტე მაყაშვილის მეუღლეს, თამარ გაბაშვილს და მათი ოჯახიდან წავიდა. „საჭირო იყო მეტი ხალისიანობა, მე კი უკვე დაღლილი ვიყავი ცხოვრების საარსებო წყაროს ძებნით, – წერს ბაბილინა, – მწყუროდა სწავლის გაგრძელება და აქეთკენ მივისწრაფოდი, მაგრამ არასოდეს არ დამავიწყდება ეკატერინე გაბაშვილის, ბეგლარ ახოსპირელის ოჯახები, წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოება, რომელთაც ბევრი ისეთი რამ მასწავლა და შემძინა, რასაც მაშინდელი უნივერსიტეტი და დიპლომი არ მომცემდა“.

ჟურნალ „ნაკადულში“ მარიამ დემურიასთან კორექტორად მუშაობამ გამოაცოცხლა პოეტი ქალის ცხოვრება. იგი ხედავდა, თუ როგორ ახლო იდგა ეს ჟურნალი თავის დროსთან, როგორ ეხმაურებოდა თავის ფურცლებზე ქართველი გლეხკაცის უსამართლო ჩაგვრას, მუშების ჯოჯოხეთYურ ექსპლოატაციას. ამ ჟურნალსა და „ჯეჯილში“ დაიწყო ბაბილინამ თავისი პატარ-პატარა ლექსების ბეჭდვა. აქ ბაბილინა გვერდში ამოუდგა ახალი ცხოვრების გარიჟრაჟზე გამოსულ დემოკრატ მწერალ ქალებს: ლიდია მეგრელიძეს (მიმქრალს), დომინიკა ერისთავს (განდეგილს), საფო მგელაძეს, დარია ახვლედიანს, მარიამ გარიყულსა და სხვებს.

მწერალი ქალების გამოფხიზლებისა და ამოძრავების ცოცხალ სურათს წარმოადგენს საფო მგელაძის წერილი ბაბილინა ხოსიტაშვილისადმი:

„...ჩემო ბაბილინა!

ძალიან გამახარე შენი წერილით, რაც შეეხება შენს წინათქმასა ძველი მეგობრობის შესახებ. აქ ჩვენ (არც შენ) დამნაშავე არა ვართ. ისე გვატრიალებს წაღმა-უკუღმა ცხოვრება და ეს ჩვენი საკუთარი უსიხარულო განცდანიც, რომ აღარ არის დრო ადამიანთან, მეგობრებთან (თუკი ასეთი ვინმე არსებობს) შევჩერდეთ მის წინ, რამდენიმე წუთი და რამდენიმე მჭლე სიტყვა მაინც გადუგდოთ იმ ადამიანს, რომელსაც ოდესღაც მეგობარიც კი უწოდეთ.

მე და შენ, ჩემო დაო, თავიდანვე იმ ბილიკს გავყევით, რომელიც ჯოჯოხეთში შედიოდა და შევედით კიდეც. ამაოდ დავეძებთ გამოსავალ გზას, ის ჩვენთვის არ არსებობს. ერთ ტაფაში მაინც ვიწვოდით და ერთმანეთს მაინც ვამხნევებდით. ესეც არის მზარეული ქალები უფრო არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ჩვენ, მწერალი ქალები და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვიჩაგებით... უღმერთოდ.

მამაკაცებს კიდევ რა ენაღვლებათ, ისიინ სარგებლობენ ჩვენ შორის არსებული ანტაგონიზმით და კიდევ უფრო გვადგამენ ქუსლს. რაც შეეხება მე, შენ სხვაზე (ზოგიერთებზე) გულწრფელი მგონიხარ და მე შენთან შემიძლია მეგობრობა, მაგრამ დრო სად ვიშოვოთ, იმის დრო, რომ ერთმანეთს შევხვდეთ, ერთმანეთი გავიგოთ?! მაინც ვცადოთ – „лучше поздно, чемникогда“.

მეკითხები, რას ვწერ? ორი თვეა ლოგინში ვიხარშები და რა უნდა დავწერო მე რიგიანი და ღირსშესანიშნავი?!..

თერგმა დამღუპა და თერგს პოემას უწერ: „რას ამბობს თერგი?!“ – ამ სათაურით აწერილია ჩვენი მოგზაურობა, განცდანი მოგზაურობის დროს, შემდეგ... თერგთან საუბარი და ბოლოს ვლადიკავკავში ჩემი ავადმყოფობა და ტრაგედიები, რა თქმა უნდა, პოემაში არ შედის, დამთავრებული არ არის, არ ვიცი, როდის დამთავრდება. ეს განწყობილების საქმეა, მაგრამ ადგილებს ამ პოემიდან მე არ დავბეჭდავ, წავიკითხავ ხოლმე. შენს შესახებ მაქვს ასეთი სტრიქონები: „ჰა, შეხედე, საფო, იმ მთას“, – ამბობს ბაბილინა, – ბინდბუნდში მწვერვალები უცნაური გახდა; თვით კი მიკვირს, ჩემს კალთაში თითქოს ეძებს ბინას, ხედავს მეგობარიც როგორ აცახცახდა. გვირტყამს ქარი და ეს ერთი ასე მძაფრად გასვლა; ისე მძაფრად ეხეთქება კლდეებს წყლებით ნაბანს, მოვიხედე და უეცრად სიცილი წამსკდა, ბაბილინა თავზე იხვევს თავის ჩითის კაბას“.

მხიარულ მოგზაურობაში დისონანს მძაფრი სიცივე შემოაქვს, მაგრამ ეს სიცივეც ხალისიანი ფერებით მაქვს აწერილი. არ ვიცი შენ რას იტყვი ამ „ჩითის კაბაზე“. თუ ბაბილინას ეწყინოს, მე დამასახელეო, მითხრა მიმქრალმა (ლიდია მეგრელიძემ), მაგრამ მაშინ ხომ სიმართლე არ იქნება, თუ მაინც შენ არ მოგწონს, მომწერე და შევცვლი. უსათუოდ მომწერე. უაღრესად კომიკური და ამავე დროს უაღრესად საყვარელი იყავი იმ წუთს და ხომ გახსოვთ, ამის გამო რამდენს ვიცინოდით, მხიარულად, გულწრფელად. ფინალი?! ნუღარ მომაგონებ, კოშმარი იყო, რომლის აჩრდილი მე დღესაც თან მსდევს. სუსტად ვარ, ექიმები სოხუმში მგზავნიან, ერთადერთი ქვეყნაა, სადაც მე არ მეშინიან წასვლის, იქნებ წავიდე კიდეც, რაღაცას მპირდება კავშირი. შენი საფო მგელაძე“.

როგორც ვხედავთ, მწერალი ქალი შესჩივის ბაბილინას, თავისი თანამედროვე ქართველი ქალის უსასოებასა და დაკნინებას, მოითხოვს ქალების შეკავშირებას... დღეს ყველამ ერთად იფიქროს საყვარელი სამშობლოს მომავალზეო, თორემ ეს ერთმანეთისაგან გათიშვა, სარგებლობის მაგიერ, ზარალს მოუტანს ჩვენს ქვეყანასო, წერდა იგი.

მეორე მწერალი, რომელიც ბაბილინასთან ახლოს იყო და შემდეგ თავისი ცხოვრების მეგობრად აირჩია, გახლდათ მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ნიკო კურდღელაშვილი (ნარკანი).

„– მრგვალ მაგიდას უსხედან, – იგონებს ბაბილინა, – გიგო ყიფშიძე, შიო ქუჩუკაშვილი, ნიკიტინი (ჩიორა) და მიხა ცხაკაია. სწორეთ ამ უკანასკნელის რეკომენდაციით, როგორც შემდეგ გადმომცეს, მოიწყობილიყო გაზეთ „ივერიაში“ ახალგაზრდა პოეტი და მწერალი ნ. კურდღელაშვილი.

– გაიცანით, ბაბილინა, კარგი, განათლებული ახალგაზრდაა, ჩვენი რედაქციისთვის ეს დიდი შენაძენია, – ფეხზე ადგომით დასძინა ჩიორამ.

– მე მხოლოდ წვრილ-წვრილ ამბებზე ვმუშაობ!!! – მითხრა კურდღელაშვილმა

ჩვენ საუბარი ი. ჭავჭავაძესა და ვაჟა-ფშაველაზე ჩამოვაგდეთ.

– მწყინს, რომ ი. ჭავჭავაძე, რომლის ნახვაზე ასე ვოცნებობდი, რედაქციაში მხოლოდ ერთხელ ვნახე. გაზეთ „ივერიის“ ახალი ნომერი მოითხოვა და გაბრუნდა.

ჩვენ მთის არწივს ვაჟას კი, უფრო დაუმეგობრდი... სწორედ ვაჟა-ფშაველას ხსენებასთან დაკავშირებ ით ნიკო კურდღელაშვილმა მიამბო:

– ერთხელ, მე და ვაჟა რედაქციიდან ერთად გავედით გარშემო მიიხედ-მოიხედა, ჩემს მეტი არავინ იყო, თორემ სხვასაც დაპატიჟებდა. მოდი, ერთად ვჭამოთ, თუ ძმა ხარ, ნუ გამაწბილებ, მთისაც ვსთქვათ და ბარისაცაო, – უთქვამს ვაჟას.

ისინი არა მარტო პურ-მარილში იყვნენ ძმები და მეგობრები, არამედ ხშირად კამათობდნენ საქართველოს მომავლის მტკივნეულ საკითხებზე, მშობლიურ ენაზე და სხვა.

ვაჟა არწმუნებდა ნიკო კურდღელაშვილს, რომ მისი საყვარელი მთა მდიდარია ქართული სიტყვის მარაგით. ერთხელ, პოეტთან თანდასწრებით, ექსპრომტიც კი უთხრა და გაახარა მეგობარი, რომ მართალი იყო მთის პოეტი:

„მართალი ხარ, ვაჟავ, არა სჯობს ხმალ-ხანჯლის ელვა-განგაში, სიტყვის საუნჯე მთაშია, დამეთანხმები მაგაში“.

შემდგომშიც ბაბილინა ხოსიტაშვილი ემადლიერებოდა ვაჟას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მათ დაახლოვებასა და მეგობრობაში.

ბაბილინა ხოსიტაშვილი ნიკო კურდღელაშვილს თავის ძმის ოჯახში ხვდებოდა. ბაბილინა აქ გაეცნო ლადო დარჩიაშვილს. მაშინ ლადო დარჩიაშვილი და იროდიონ ევდოშვილი მესამე დასელთა იმ პირველ წრეში მუშაობდნენ, რომელსაც მიხა ცხაკაია ხელმძღვანელობდა.

1908 წელს, როცა გაზთ „სხივში“ ნიკო კურდღელაშვილის ახალი ლექსი გამოქვეყნდა – „მთვარე წამიყვა“, რომელშიც იგი ცხოვრებაზე გულგატეხილი ინტელიგენტის სულისკვეთებას გამოხატავს და მთვარეს მიწიერ ცხოვრებიდან გაქცევას სთხოვს – „მთვარე წამიყვა ღრუბელთა ნალით, გარდამაცილე სამშობლო მხარეს, ეგებ იქ, სადმე განშორებულად სავანე ეგოს გულსა მწუხარეს“. ბაბილინა ხოსიტაშვილის აზრით, ეს ხომ უკან დახევას და უიმედობას ნიშნავს, ახლა მაგის დროა?! ასეთ ლექსს კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთილების შეტანა შეუძლია ხალხშიო, ეუბნება იგი მეგობარს და მეორე დღეს, აღელვებული პოეტი ქალი თავისი ლექსით – „მიწა“, პასუხობს ნიკო კურდღელაშვილს. „მიწავ, ჩამიკარ მშფოთვარე მკერდში, მომწყვიტე ზეცას, მომწყვიტე მთვარეს, შრომის უღელქვეშ სადა მცალია, ვარსკვლავს შევსტრფოდე სხივმომფინარეს“.

ბაბილინა ცხოვრების შუაგულში შეჭრისათვის იბრძვის, რომ უკეთ შეიგრძნოს და დაინახოს, რა უჭირს ხალხს, რა სჭირდება მშრომელ მასას: „ტალღავ, ვერ დამძლევ მსუბუქ ოცნებით, აქ სინამდვილეს არ დავშორდები, ბევრია მსხვერპლი, ბრძოლა გამწვავდა, მაგრამ მე მაინც არა ვღონდები“.

აქ პოეტი ქალი შრომასა და ბრძოლას უმღერის, მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება შრომას მოჰყავს მოძრაობაში, მის გარეშე ცხოვრება უშინაარსო და უღიმღამოაო. დღეს შრომის ფერხულში ჩაბმულს, –ამბობს ბაბილინა, – ვის სცალია მთვარესა და ვარსკვლავებზე იოცნებოსო. ასე ესმოდა ბაბილინას ახალი ცხოვრება.

ბაბილინამ პირველად ვაჟა-ფშაველა „სახალხო ფურცლის“ რედაქციაში ნახა.

„– ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო, – წერს ბაბილინა ხოსიტაშვილი, – დამატყვევა მისმა გარეგნულმა იერმა: ახოვანი ტანადობა, ქართულ ჩოხაში გამოწყობილი, ქამარ-ხანჯლით, უცებ ძველი მებრძოლი რაინდი წარმოვიდგინე... მით უფრო, რომ ამ დროს მე უკვე ნაზიარები ვიყავი მისი მშობლიური ბუნების სიმშვენიერით შთაგონებულ ლექსებითა და პოემებით“.

როგორც შემდეგ ბაბილინა ხოსიტაშვილის მოგონებიდან ჩანს, ვაჟას ისეთი დამატყვევებელი შთაბეჭდილება მოუხდენია ახალგაზრდა პოეტ ქალზე, რომ გათამამებულა და გულწრფელად უთქვამს ვაჟასათვის, იგივე შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩემზე, როგორიც წარმოდგენილი მყავდითო. ნამდვილი რაინდი, მებრძოლი...

– განა მართლა ასეთი არა ვარო, – უხუმრია მგოსანს.

1911 წ. გაზეთ „სახალხო ფურცელში“ დაიბეჭდა ბაბილინას ლექსი მიძღვნილი ვაჟასადმი – „ვაჟას“.

ვაჟავ, მთის ქედით ნასხლეტო,
მოგმართავ სიტყვით ორითა,
მომწყურდა დრო სხვა დიადი,
შემოსულიყავ თორითა.

ბრძოლის წყურვილით აღგზნებულს
თვალთ ნაპერწკალი გცვიოდეს,
მერანი შენი შენითვე
ამაყი ჭექდეს, ხვიოდეს!

ხანჯალი ამოიწიდო,
ძლევა! –დასჭყივლო ბრძოლასა,
შენ წინ მტერს ზარი დაეცეს.
დაემხოს, დაჰყვეს ძრწოლასა.

პოეტი ქალის ლექსს არ შეეძლო არ აეღელვებინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვაჟა. იგი მომავლის გამარჯვების ღრმა რწმენით აინთო, გამოეხმაურა მას ლექსით „პასუხად ბაბილინას“.

„იმართლე გითხრა, ქალაო, გული არ არის დონესა,
აპირებს გადმოვარდნასა, ედება ღობე-ყორესა,
ათასჯერ დასჭრეს, დაკუწეს, ათასჯერ დააღონსა“

დიდია ვაჟა-ფშაველას გულისტკივილი. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მწვავედ განიცდის იგი თავის სამშობლოს ეროვნულ ჩაგვრასა და ეროვნულმა ინტერესებმა, სამშობლოს ბედმა დააკავშირა ერთმანეთს ბაბილინა და ვაჟა-ფშაველა.

იქნებ ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს უკვდავ ქმნილებათა უზადო შემოქმედის ვაჟა-ფშაველასთან შედარებით პატარა პოეტური ხმის მქონე ბაბილინას სიახლოვის წარმოდგენა, მაგრამ ორივენი ხომ ერთად იბრძოდნენ ერთი საქმისათვის, სამშობლოს ბედნიერი მომავლისათვის. ვინ იტყვის, რომ ადვილი იყო ვაჟასთან ახლო მისვლა, მისი გულის გახსნა, სულში ჩახედვა, მაგრამ ეს შეძლო ბაბილინამ და ამაშია სწორედ მისი გამარჯვება.

მებრძოლი ქალის პოეტური სული ვერ ურიგდება ქვეყნად გამეფებულ უსამართლობას. რევოლუციის გულწრფელმა მომღერალმა ამ პერიოდს მიუძღვნა მღელვარე ლექსები: „დილა“, „გლოვა მებრძოლ ქალზე“, „ბრძოლა“ და სხვ.

ძირითადად ბაბილინა ხოსიტაშვილის შემოქმედებითი გზა მუშათა კლასთან სიახლოვემ განაპირობა. მისი პირველი ლექსი „ხმა ჯურღმულიდან“1906 წელს, მთაწმინდის არალეგალურ სტამბაში მუშაობის დროს დაიწერა, როცა საშინელი რეაქცია მძვინვარებდა და ხალხი ბობოქრობდა. „ხმა ჯურღმულიდან“ – ეს იყო ბნელ საკანში მყოფი მუშების გულის სიღრმიდან ამონაკვესი ტანჯვის ხმა: „აი, სად ვმარხავთ ჩვენს ძალ-ღონეს, გარეთ კი მზეა... ამშვენებს არეს... მაგრამ ჭირს ლხინად გვიქცევს ნუგეში, აქ ხალხის მტარვალს ვუთხრით სამარეს!“

ვინ არის გმირი? – კითხულობს ბაბილინა, – ვის უნდა გაჰყვეს ხალხი?

„მას, ვინც ბრძოლის ველზე გმირულად კვდება, ჩვენ ობოლ გულშივტოვებთ მის სახელს და არასოდეს არ გვავიწყდება, რომ იგიც მტარვალს უგებდა მახეს...“

მართალია, რეაქციის პერიოდში ბაბილინას პოეზია ვერ ასცდა სევდისა და უიმედობის ჰანგს, მის ლექსებშიაც იჩინა თავი საშინელმა უკმაყოფილებამ, ბრძოლის ყიჟინა შეცვალა სევდის მომგვრელმა სურათებმა, მაგრამ ეს მოტივები არ მომძლავრებულა. იგი ვერ მოერია პოეტის აბობოქრებულ სტიქიონებს, ჯანსაღმა განწყობილებამ კვლავ აიტაცა იგი.

ბაბილინას ბევრი ლექსი მიძღვნილია კაპიტალისტური შრომის უღელში შებმულ, ილაჯგამოცლილი მუშისადმი: „ჰო, ეს ქარხანა შრომის უღელი, ჩემი სიცოცხლის გაზაფხულს ნთქავენ და მანქანები დაკოდილის ხმით, გულის შემზარავ გლოვას მოსთქვამენ“.

ბაბილინას სადა, გულწრფელ ლექსებში მუდამ ანთია იმედის ნაპერწკალი, იგი დიდი დამაჯერებლობით არწმუნებს მუშას, რომ შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს ადამაინის მიერ ადამიანის ექსპლოატაცია, რომ ბოლო მოეღება ძირმომპალ კაპიტალიზმს. ამიტომ მუშას ღონესა და ბრძოლას უსურვებს: „მინდა, მომდევდეს მკლავებში ღონე, ბრძოლის ბორბალი გადავაგორო, არა, არ მინდა ჩემი ოცნება აქ დაიმარხოს, მოეღოს ბოლო“.

ამას წერდა ბაბილინა 1907 წელს, როცა ჯერ კიდევ მისი ქვეყანა რეაქციის ბურუსში იყო გახვეული.

ასევე მკვეთრად არის გამოხატული კაპიტალისტური სამყაროს სიმძიმე და უსამართლობა ბაბილინას ერთ-ერთ ლექსში – „ბოგანო“. ვინ არის ბოგანო? ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე, უსახლკარო, მშიერ-მწყურვალი, ძალაგამოცლილი ადამიანი, იგი ეძებს ღამის გასათევს, რომ ძილს მიეცეს და დროებით დაივიწყოს საზარელი აწმყო. „დიდო ქალაქო, შენს დარბაზთ შორის არ არის&ნბსპ; ჩემთვის სახლი სამყოფი, რომ ღამით მაინც ძილმა წარმტაცოს გულის ვარამი – სევდის ნაყოფი“.

დაახლოებით ასეთივე ხასიათისაა ბაბილინას საინტერესო ლექსი „ფრთოსანის სურვილი“, რომელიც თავისუფლებისათვის ლტოლვას გამოხატავს. „არ მინდა, ჩაქრენ ჩემი ფიქრები, ბრძოლამ იმსხვერპლოს, დამისამაროს, მსურს, დედამიწას მკერდს შემოეჭდოს და უკვდავების შეერთოს წყაროს“.

თავისი ღრმა ლირიზმით გვხიბლავს ლექსი „დილა“. პოეტი შეხარის დილის რიჟრაჟს, მის ძლევამოსილებას, მაგრამ ვაი, რომ ამ ბუნების დიდებულ ჰარმონიას არღვევს შრომის მონის ტანჯვისა და ბორკილების ჩხარუნი: „ვიშ, სამყარო ნეტარებით ვის დაატკბობს, ვის ახარებს, თუ დღეს კაცი, შრომის მონა, ტანჯვის ბორკილს კვლავ ატარებს“.

ბაბილინას ლექსი „ახალი ჰანგი“ თავისუფლების დიდებული ჰიმნია, კვლავ მომავალ ბრძოლის განწყობილებას გამოხატავს. იგი უმღერის სამშობლოს თავისუფლებას, სიყვარულს, მშრომელ ხალს მორიგი ბრძოლისკენ მოუწოდებს: „მთვარე გრძნეული სიყვარულს ეძებს, სიყვარულს ეძებს ძირს ქვეყანაზე და მეც დაგეძებ, გვირგვინი დავწნათ, გვირგვინი მწვანე თავთავებისა, შენთან ტრფიალში ჰანგი ავაწყვე, ჰანგი ახალი ბრძოლის ხმებისა“. როგორც ვხედავთ, ოპტიმიზმი, ბრძოლის განწყობილება, მომავლის იმედი წითელი ზოლივით გასდევს ბაბილინას მთელ რიგ ლექსებს.

„კაპიტალიზმის სიმწვავე, ყველაზე უფრო მკვეთრად ბაბილინამ ვაჟა-ფშაველასა და იროდიონ ევდოშვილისადმი მიძღვნილ ლექსებში გამოხატა. კაპიტალისტური წყობა არავისთან და არაფერთან ისე სასტიკი და ულმობელი არ არის, როგორც მწერალთანო“, – წერს ბაბილინა. ამან ათქმევინა პოეტს: „ჩვენ ბეჩავ საქართველოში ვაჟკაცნი სნეულდებიან, ხოლო მხვეჭელნი, მლიქვნელნი გულდაგულ წინა დგებიან“. განა კაპიტალისტურ ურთიერთობაში მსხვერპლნი არ გახდნენ, – ამბობს ბაბილინა, – დიდი ვაჟა და მგზნებარე რევოლუციონერი იროდიონ ევდოშვილი: „სამშობლოც ასეთი უნდა, ვაჟკაცნი დაატუსაღოს, თვის მკერდზე ანავარდებდეს უსამართლოს და უსახოს“.

დიდ იმედს ამყარებდა ბაბილინა ლიტერატურის ჰორიზონტზე გამოჩენილ ახალგაზრდა გალაკტიონ ტაბიძეზე. ჯერ კიდევ როდის, მან საქართველოს იმედი უწოდა მგოსანს. ამ მხრივ, მეტად უშუალო და საინტერესოა მისდამი მიძღვნილი ლექსი „სადღეგრძელო გალაკტიონისადმი“. მიუხედავად ასაკობრივი განსხვავებისა, თავიდანვე ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. როცა გალაკტიონი მწერლობაში სახელს იმკვიდრებდა, ბაბილინა უკვე ცნობილი მუშა პოეტი იყო.

„გალაკტიონ, მახსოვს შენი პოეტური ყრმობის ხანა. ძმაო, ყრმობის გახსენებას შეედრება რამე განა? იმ დროს შეკრბა იქ, პარნასთან პოეტების ნორჩი გუნდი, რათა ლექსის უროებით დაგვემსხვრია რვალის ხუნდი“.

ბაბილინა ხოსიტაშვილი, როგორც მწერალი და მოქალაქე, დიდ როლსა და მნიშვნელობას ანიჭებდა ოჯახს, ჯანსაღ ცოლქმრულ დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში იგი მთავარ როლსა და უპირატესობას ქალს აძლევდა. ამიტომ გასაგებია ის დიდაქტიკა, რასაც ქალისადმი მიძღვნილ ლექსში ატარებს: „ოჯახს უფრთხილდით, ქალებო, სახლში დასხედით კრუხებად, თუ თქვენ არ მოჰგვით კერასა, კაცებს რა შეაწუხებთა. ოჯახს უფრთხილდით, ქალებო, კაცების საბუდარია, შეფრინდებიან როცა წვიმს, გარბიან როცა დარია“.

ბაბილინა ხოსიტაშვილი ჭეშმარიტად საინტერესო პოეტია. შეიძლება ყველა მისი ლექსი მხატვრული თვალსაზრისით არ დგას სათანადო სიმაღლეზე, ზოგჯერ რითმი მოიკოჭლებს, აკლია გაჩარხვა და სხვა, მაგრამ იგი თავის ეპოქის ღვიძლი შვილია, თავისი დროის ტიპური გამომხატველია. ამდენად, მას ჩვენთვის გარკვეული შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს.

თავისი დროის საზოგადოებრივი მოძრაობის მაჯისცემა შესანიშნავად და მკვეთრად გამოხატა ბაბილინამ იმ მემუარებში, რომელიც 1964 წელს გამოვიდა ცალკე წიგნად. „მშობლიურ სოფლიდან დედაქალაქში“. წიგნი საკმაოდ დიდი დროის მონაკვეთს შეიცავს, – მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან 20-ე საუკუნის 40-იან წლებამდე. უხუცესი მწერალი ამ წიგნში აღგვიწერს თავისი ხანგრძლივი ცხოვრებსი მანძილზე ნანახსა და განცდილს.

წიგნი დიდი ინტერესით იკითხება. იგი გვხიბლავს ცოცხალი, ხატოვანი ენითა და თხრობის ბუნებრიობით.

პირველი ნაწილი წიგნისა ეხება მწერლის მშობლიურ სოფელს და თავის უფროს ძმასთან, იროდიონთან ერთად გატარებულ ბავშვობის წლებს, განსაკუთრებული მადლიერებით იგონებს მასზე გაწეულ იროდიონ ევდოშვილის ამაგს.

მეორე ნაწილი დათმობილი აქვს მღელვარე ცხრაასხუთიან წლებს, მის ასოთამწყობად მუშაობის პერიოდს. იგი აღწერს მუშების ცხოვრების პირობებს, მათ საპროტესტო გამოსვლებს აუტანელი რეჟიმის წინააღმდეგ. 1905 წელს თბილისის ქუჩებში გაშლილ მუშათა გამოსვლებსა და დემონსტრაციებს, რომლის მონაწილე უშუალოდ თვითონ იყო და ახალგაზრდა ქალი წითელი დროშით ხელში, მებრძოლ ხალხთან ერთად იყო.

ბაბილინა ხოსიტაშვილის წიგნი ბევრ საინტერესო მასალას იძლევა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ. იგი გვიამბობს იმ ბიბლიოთეკა-სამკითხველოებზე, სადაც იკრიბებოდნენ ჩვენი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: შიო მღვიმელი, სამსონ ფირცხალავა და სხვები. აქ ბაბილინა იგონებს თავისი თანამედროვე მწერალი ქალების: ანასტასია თუმანიშვილის, მარიამ დემურიას, დომინიკა ერისთავ-განდეგილის მღელვარე საზოგადოებრივ საქმიანობას და მათთან დაახლოებას.

წიგნის დიდი ნაწილი ეხება იროდიონ ევდოშვილის ცხოვრებას. ბაბილინას საგულისხმო მოგონებები, რა თქმა უნდა, დიდ დახმარებას გაუწევს იროდიონ ევდოშვილის ცხოვრების შესწავლით დაინტრესებულ მეცნიერს. აქ მოყვანილი ფაქტების დიდი ნაწილი დღემდე უცნობია და საინტერესო.

იროდიონ ევდოშვილის გვერდით ვხვდებით ამ დროის მრავალ სხვა საინტერესო მოღვაწეთა სახელებს. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადად და მართლად დაწერილი ეს წიგნი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია იმდროინდელი საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების გასაცნობად.

ბაბილინა ხოსიტაშვილმა, გარდა თავისი ორიგინალური ლექსებისა და სხვა ნაწარმოებებისა, მსოფლიო და რუსული ლიტერატურის თარგმანები დაგვიტოვა.

ვის არ მიუქცევია ყურადღება ვიქტორ ჰიუგოს წიგნისათვის „კაცი, რომელიც იცინის“. მისი ქართული თარგმანი ბაბილინა ხოსიტაშვილს ეკუთვნის.

„– 1934-1935 წლებში ვთარგმნე „კაცი, რომელიც იცინის“, – წერს ბაბილინა ხოსიტაშვილი, – ფრანგულს უნივერსიტეტში „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად მთარგმნელი ქალი ელისაბედ ორბელიანი მიკითხავდა. შემდეგ მასთან კერძოდ ვსწავლობდი ფრანგულ ენას. მაშინ დამებადა სურვილი, მეთარგმნა დიდი ფრანგი ჰუმანისტის შესანიშნავი რომანი „კაცი, რომელიც იცინის“, რომელშიც მწერალმა ჩააქსოვა მთელი თავისი სიძულვილი ბურჟუაზიული წეს-წყობილებისადმი. მე გამიტაცა მისმა ჰუმანიურობამ. იგი ხომ მთელი თავისი ძალ-ღონით დაჩაგრულების, უუფლებო ქალების, უმწეო ბავშვების, მონების დასაცავად გამოდიოდა; ამხელდა ბურჟუაზიულ ყოფის მანკიერებას, ამ კლასის უარყოფით მხარეებს.

თარგმანისადმი სიყვარული და ინტერესი, რასაკვირველია, ჩემმა მეუღლე ნიკო კურდღელაშვილმა გამიღვიძა... აბა, ვის არ წაახალისებდა მისი თავდადებული უანგარო შრომა... რამდენი ძვირფასი თარგმანი დაგვიტოვა მან. ჟიულ ვერნის ნაწარმოებებიდან: „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, „საიდუმლო კუნძული“, „კაპიტან გრანტის შვილები“ და სხვა.

მართლაც, დიდი შრომატევადი და დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული ვ. ჰიუგოს ასეთი ფუნდამენტური ნაწარმოების ქართულად თარგმნა. დიდი დრო და ენერგია მოანდომა ბაბილინამ ამ პატრიოტულ საქმეს.

ვ. ჰიუგოს ბ. ხოსიტაშვილისეული თარგმანი – „კაცი, რომელიც იცინის“, პირველად 1936 წელს შემოკლებით გამოვიდა, ხოლო 1960 წელს იგი სრულად გამოსცა გამომცემლობა „ნაკადულმა“. უანასკნელად კვლავ სრული სახით 1978 წელს გამოვია, რომელმაც, ცხადია, ნიჭიერი მთარგმნელის სახელი მოუპოვა მწერალ ქალს.

ამ წიგნის სრულ თარგმანზე 1941-44 წლებში მუშაობდა, როცა სამამულო ომი მძვინვარებდა და მისი ორი ვაჟი სამშობლოს დასაცავად ფაშისტებს ებრძოდნენ. შვილების მოლოდინში ძილგატეხილი დედა, საწერ მაგიდას უჯდა და დასახელებული წიგნის გარდა თავისი საყვარელი მწერლის, ვ. ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“ თარგმნიდა.

ბაბილინამ რუსულიდან გადმოაქართულა თავისუფლების დიდი მომღერლის, ალექსანდრე პუშკინის ლექსი „წინასწარმეტყველი“, „შავი თავშალი“, მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“, რომელიც ცალკე წიგნად 1941 წელს გამოვიდა.

„არ მახსოვს, ეს როდის იყო. ალბათ, დიდი ხნის წინათ. უნივერსიტეტის ეზოსთან ჩვენ ისტორიკოსს ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელს შევხვდი, მიცნო, შემაჩერა.

– დიდი სიფაქიზით და პასუხისმგებლობით, საქმის დიდი სიყვარულით შეგისრულებიათ თქვენი თარგმაი „მწირი“. გისურვებთ, სხვა მრავალი გეთარგმნოთ ასეთი ტკბილი, კარგი ქართულითო, მითხრა“.

ბაბილინა ხოსიტაშვილს უყურადღებოდ არ აუტოვებია უკრაინელი პოეტი ქალის, ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, ლესია უკრაინკას შემოქმედებაც, რომლის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იქონია 90-იანი წლების სოციალ-დემოკრტიულმა მოძრაობამ.

ლესია უკრაინკას უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული ლექსები დიდი გრძნობით აამეტყველა ბაბილინამ, მთელი სისავსით გვიჩვენა პოეტი ქალის თავისუფლებისათვის ანთებული გული.

„თვით ჩემი მიწა, იმდენ ცრემლს ღვრიდა, რომ მთელ ქვეყანას თითქმის წარღვნიდა. შეჩერდეს ეხლა, ცრემლი კი არა, სამშობლოს ხსნისთვის სისხლიც არ კმარა“.

ბაბილინა ხოსიტაშვილის თარგმანიდან მოტანილი ამ პატარა მონაკვეთით საკმარისია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი დამაჯერებლობით, როგორი შემართებით არის შესრულებული მის მიერ თარგმნილი სხვა ლექსები და როგორ მკვეთრად სჩანს ლესია უკრაინკას გაუტეხელი სული და თავისუფლებისათვის აღგზნებული მისი მებრძოლი ბუნება.

ბაბილინა ხოსიტაშვილმა თარგმნა პოლონელი მწერლისა და დრამატურგის იული ჟულავსკის დრამატული პოემა „ფსიქეა და ეროსი“, რომელიც ეხება ფსიქეასა და ეროსის იდეალურ სიყვარულს. ვინაიდან თავის დროზე ეს ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში, დიდი ექო ჰქონდა და დიდი გატაცებითაც კი იდგმებოდა რუსეთშიც, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ახალგაზრდა, 26 წლის პოეტი ქალის დაინტერესებაც ამით იყო გამოწვეული.

ბაბილინა ხოსიტაშვილმა, როგორც თვითონ გადმოგვცა, „ფსიქეასა და ეროსის“ ქართული თარგმანი ქუთაისის თეატრისათვის შეუსრულებია ნიჭიერი მსახიობი ქალის, ნუცა ჩხეიძის დებიუტთან დაკავშირებით, რასაც ბაბილინა ყოველთვის იგონებდა. მას კარგად ახსოვდა აკაკის წამახალისებელი სიტყვები, როცა იგი ქუთაისის თეატრში ბაბილინას მიერ Aრგმნილ „ეროსი და ფსიქეას“ დადგმას დაესწრო.

მომწონს, ყოჩაღ, კარგი ქართულით არის ნათარგმნიო, – უთქვამს მისთვის აკაკი წერეთელს.

სიკვდილის წინ, რამდენიმე დღით ადრე ვინახულე... შვილები თავს დასტრიალებდნენ. ბედნიერი დედა ხარ-მეთქი, ვუთხარი. ესიამოვნა, და თავისი თბილი ხელი ხელზე დამადო, მადლობის ნიშნად...

1973 წელს, 25 თებერვალს, ბაბილინა ხოსიტაშვილმა ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში სამუდამოდ დახუჭა თვალები.

წავიდა ჩვენგან დიდი გზაგანვლილი, ვაჟკაცური შემართების ნიჭიერი პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე ქალი. წავიდა ისე, რომ მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გვახსოვს. ასეთი იყო იგი მეგობრებთან, ამხანაგებთან, ოჯახში შვილებთან; შინ და გარეთ, უპრეტენზიო, უანგარო და გულმართალი...

მას არ უყვარდა თავის ავადმყოფობაზე ლაპარაკი. როგორა ხართ, რა საკითხავიაო, გვეტყოდა, მაგრამ თუ საუბარს ლიტერატურაზე ჩამოუგდებდით, უცებ გაახალგაზრდავდებოდა, აინთებოდა.

შეუბღალავად ზიდა ბაბილინამ საზოგადოებისა და ოჯახის მძიმე ტვირთი. შესანიშნავი მოქალაქე, ადამიანი, პოეტი და მთარგმნელი, კარგი დედა და ოჯახის ქალი – ასეთად დარჩება ბაბილინა ხოსიტაშვილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში და მის მკითხველთა მეხსიერებაში.