‍ლაზარე ხმალაძე (1868-1946)

ავტორი: უ. ობოლაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

khmaladze la85ლაზარე ვასილის ძე ხმალაძე თითქმის 60 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის დიდი ნაწილი ლაზარემ ქალაქ ქუთაისში გაატარა. 50 წლის განმავლობაში ეწეოდა აქ იგი დაუცხრომელ პედაგოგიურ საქმიანობას.

მე-19 საუკუნის ბოლო წლებიდან ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ცვლილებებისა და ამით გამოწვეული კულტურული აღმავლობის შედეგად ქ. ქუთაისი იქცა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მძლავრ კულტურულ ცენტრად. მისი გავლენის ძალა ამ მხრივ უფრო მეტად საგრძნობი გახდა 1905 წლის პერიოდში, როცა ხალხმა ძალით გამოგლიჯა მეფის ხელისუფლებას ზოგიერთი უფლებანი პრესის, თეატრის, სასკოლო საქმის ეროვნულ ნიადაგზე მოწყობის დარგში. კუდმოკვეცილი და ძალზე შეზღუდული იყო ეს უფლებანი, მაგრამ მათ მაინც დიდი როლი შეასრულეს ჩვენი ხალხისა და, განსაკუთრებით, მოზარდი ახალგაზრდობის ეროვნული გათვითცნობიერების საქმეში.

თვითონ ლაზარე მშრომელი ხალხის უღარიბესი ფენებიდან იყო გამოსული, ცხოვრების უმძიმესი გზა ჰქონდა გავლილი და კარგად ჰქონდა შეგნებული, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშრომელი ახალგაზრდობისათვის სწავლა-განათლებას. ლაზარე მოწოდებით იო აღმზრდელი, მასწავლებლობა მისთვის პირველყოვლისა, შინაგან მოვალეობას, წმინდა დანიშნულებას წარმოადგენდა და არა უბრალო პროფესიას, თავის რჩენის საშუალებას. ამასთანავე ლაზარე ძალზე ცოცხალი და ენერგიული, შინაგანად ორგანიზებული, მტკიცე ნებისყოფისა და წესრიგის კაცი იყო; მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ სცილდებოდა. ყოველივე ეს პედაგოგიური საქმის ღრმა ცოდნასთან და დიდ გამოცდილებასთან ერთად იწვევდა მისადმი დიდ პატივისცემას.

განსაკუთრებით პოპულარული ლაზარეს სახელი საბჭოთა ხელისუფლების წლებში გახდა და ამასაც თავისი ახსნა ჰქონდა.

ცნობილია, რომ ჩვენი რევოლუციამდელი სახალხო მასწავლებლობის ძირითადი მასა მშრომელი ხალხის წრიდან იყო გამოსული, კარგად იცნობდა მშრომელი ხალხის ჭირ-ვარამს და თავის ძირითად მოვალეობად ხალხის სამსახური მიაჩნდა. იგი საერთოდ რევოლუციურად იყო განწყობილი და ამისათვის აქტიურადაც იბრძოდა. მიუხედავად იმისა, ეს მასწავლებლობა ერთფეროვანი არ იყო. რევოლუცია და მისი განვითარების ამოცანები ყველას ერთნაირად და სწორად არ ჰქონდა წარმოდგენილი.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში ამ მასწავლებლობის ერთმა ნაწილმა სათანადოდ ვერ გაიგო. ახალი, ერთიანი საბჭოთა სკოლის პრინციპები, ვერ გაითვალისწინა ის ამოცანები, რასაც კომუნისტური პარია და საბჭოთა ხელისუფლება აყენებდნენ საბჭოთა სკოლის წინაშე. ლაზარე არ ეკუთვნოდა მათ რიცხვს. ქუთაისის პირობებში ლაზარე ხმალაძემ ერთმა პირველთაგანმა გაუსწორა თვალი სინამდვილეს. იგი შეგნებულად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე და მთელი ენერგიით ჩაება ახალი სკოლის მშენებლობის საქმეში. იმ დამსახურებაზე, რაც ლაზარეს მიუძღვის ამ მშენებლობაში, ჩვენ ქვევით შევჩერდებით, აქ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ლაზარე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა იმ მჩქეფარე საქმიანობაში, რაც ასე ფართოდ მიმდინარეობდა ჩვენში საბჭოთა სკოლის მუშაობის შინაარსის ჩამოყალიბების, სწავლების ორგანიზაციის განსაზღვრის, სწავლების მეთოდების დადგენის მიმართულებით.

ძალზე საინტერესოა ლაზარეს ცხოვრების გზა, ბევრი რამ არის მასწავლებელი თავისებური. აი, მოკლედ იგი.

ლაზარე ვასილის ძე ხმალაძე დაიბადა ჯავახეთის სოფელ ბარალეთში, რომელიც ქალაქ ახალქალაქთან მდებარეობს, 1868 წლის 26 თებერვალს. იმ დროს სახალხო სკოლების ქსელი საქართველოში საერთოდ ძალზე მცირე იყო, განსაკუთრებით მცირე რაოდენობით არსებობდა სკოლები სამხრეთ საქართველოში – მესხეთსა და ჯავახეთში. თვითმპყრობელობა განზრახ უწყობდა ხელს საქართველოს განაპირა მხარეების მშრომელი ხალხის უცოდინარობაში დატოვებას. ამით უნდოდა მას უკუღმართი ისტორიული პირობების გამო ამ კუთხის სანახევროდ გამაჰმადიანებული ქართველობა საბოლოოდ მოეწყვიტა დედა-სამშობლოსაგან.

მესხეთ-ჯავახეთში არსებული სკოლების დიდი ნაწილი „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას” ეკუთვნოდა. ამ საზოგადოების ჭეშმარიტი მიზანი იყო არა ქრისტიანობის აღდგენა, არამედ სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთმანეთისაგან გათიშვა. ამიტომ იყო, რომ საზოგადოების სკოლებში დედა-ენა არ წარმოადგენდა არათუ სწავლების ენას, მისი სწავლება აკრძალული იყო როგორც სასწავლო საგნისაც კი. ლაზარეს ბავშვობის პერიოდში სოფელ ბარალეთში სწორედ ამ საზოგადოების სკოლა არსებობდა მიუხედავად იმისა, რომ ბარალეთლები ქრისტიანობას მისდევდნენ.

ლაზარეს მშობლები ძალზე ღარიბად ცხოვრობდნენ. მათ საკუთარი მიწა არ გააჩნდათ და იძულებულნი იყვნენ იჯარით აეღოთ მიწები და სანახევროდ მშიერ-მწყურვალნი ყოფილიყვნენ. ლაზარე ადრეულ ასაკშივე ჩაუბამთ მძიმე შრომით საქმიანობაში. რვა წლისა ყოფილა იგი, გუთნეულზე რომ დამჯდარა, 9 წლის ასაკში კი მას გამოცდილი ჰქონია სოფლად მოჯამაგირის მწარე ხვედრი. ასეთი მძიმე პირობების მიუხედავად, მამას მაინც მოუხერხებია ლაზარეს მიბარება ბარალეთის სკოლაში. საბედნიეროდ, ბარალეთის სკოლას კარგი აღმზრდელ-მოამაგე ჰყოლია მასწავლებელ კოტე გამყრელიძის სახით და მას ნიჭით უხვად დაჯილდოებულ პატარა ლაზარესათვის განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია. ამის შედეგად ლაზარეს მალე შეუსწავლია წერა-კითხვა, როგორც დედა-ენაზე, თუცა ეს აკრძალული იყო, ასევე რუსულ ენაზედა.

1880 წლის მაისში, I დდროს, როცა ლაზარე უკანასკნელ, მეოთხე განყოფილებაში ყოფილა, ბარალეთის სკოლას გამოსაკვლევად სწვევია ინსპექტორი ლიხაჩევი. როგორც ჩანს, ლიხაჩევი იდეური რუსი ინტელიგენტების ფენას ეკუთვნოდა და ქართულ ახალგაზრდობას ყოველმხრივ უწყობდა ხელს სწავლა-განათლების საქმეში. ლიხაჩევზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია მკვირცხლი და ბეჯითი ლაზარეს საუკეთესო პასუხებს და ამას გადაუწყვეტია ლაზარეს ბედიც. მშობლებთან მოლაპარაკების შედეგად ლიხაჩევს ლაზარე თავისთან წაუყვანია თბილისში და სამოქალაქო სასწავლებელში მიუბაარებია. რუსი მოწინავე ინტელიგენტის ოჯახში ცხოვრებას, სწავლის დაუშრეტელ წყურვილს, ბეჯითობას თავისი ნაყოფი გამოუღია. სამოქალაქო სასწავლებელი ლაზარეს პირველ მოწაფედ დაუმთავრებია.

1884 წლიდან ლაზარე ხონის საოსტატო სემინარიაში ჩაურიცხვთ. სემინარიაც აგრეთვე საუკეთესოდ დაუმთავრებია მას 1888 წელს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იგი სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე დაუტოვებიათ სემინარიასთან არსებული დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. ცნობილია, რომ ეს სკოლები სემინარიების ბაზას წარმოადგენდნენ და მათში მასწავლებლად მცოდნე და გამოცდილ პირებს ნიშნავდნენ. ამ თანამდებობაზე დარჩენილა ლაზარე ოთხი წლის განმავლობაში.

1892 წელს ლაზარე ხმალაძე დაუნიშნავთ სოფელ სუჯუნის ორკლასიანი სასწავლებლის გამგედ. მას სოფლად ფართოდ მიუყვია ხელი მოსახლეობაში კულტურული მუშაობისათვის, თეატრის მოყვარულთა დასიც კი შეუქმნია და რამდენიმე წარმოდგენა გაუმართავს, განუზრახავს ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსებაც. მისი ამგვარი საქმიანობა სახალხო სკოლების დირექციას საშიშად მიუჩნევია და ლაზარე ოჩამჩირის „ნორმალური” სკოლის გამგედ გადაუყვანია.

“ნორმალური” სახალხო სკოლები ფაქტიურად ყველაზე მეტად არანორმალური ტიპი იყო სახალხო სკოლისა მეფის რუსეთში. ამ სკოლებში დედა-ენის სწავლება მთლიანად აკრძალული იყო. ლაზარე არ დარიდებია აკრძალვას და ქართული ენის სწავლება შემოუღია სკოლაში. ამ საქმეს მოსწავლენიცა და მშობლებიც დიდი მოწონებით შეხვედრიან. სულ მალე ბავშვთა დიდ ნაწილს ქართულ ენაზე დაუწყია ლაპარაკი, ქართული ენაც შეუსწავლია. გაჩაღებულა ქართული წიგნების, ჟურნალ-გაზეთების კითხვა, რაც, რასაკვირველია, არ გამოპარვია სასწავლო საქმის ხელმძღვანელებს. ამასთან დაკავშირებით, იგი სამსახურიდან დაუთხოვიათ „მიზეზთა განუმარტებლად”.

1895 წლის 1 სექტემბრიდან, დიდი კონკურსის შედეგად, ლაზარე ხმალაძე დაუნიშნავთ ქუთაისის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. მუყაითი მუშაობის შედეგად მის კლასს მალე მოუპოვებია საჩვენებელი კლასის სახელი. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ამ სკოლაში ოთხი წლის განმავლობაში ლაზარეს მრავალი ახლად დამწყები მასწავლებელი ესწრებოდა და მისგან ოსტატობასა და ორგანიზებულობას სწავლობდა.

1899-1900 სასწავლო წლიდან ლაზარე ხმალაძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მასწვლებლად მიუწვევიათ, როგორც საუკეთესო პედაგოგი. ამ თანამდებობაზე დამტკიცებისათვის აუცილებელი იყო საგანგებო გამოცდის ჩაბარება. მას ჩაუბარებია კიდეც გამოცდა სამაზრო სკოლის მასწავლებლის წოდებაზე, რის შემდეგაც დაუმტკიცებია კავკასიის სასწავლო ოლქს დასახელებულ თანამდებობაზე.

რევოლუციამდელ პერიოდში ლაზარე ხმალაძის საზოგადოებრივი საქმიანობიდან, რასაც იგი 17 წლის განმავლობაში 1900-1917 წლებში ეწეოდა უსასყიდლოდ, აღსანიშნავია მისი მუშაობა იმერეთის ეპარქიალური სასკოლო საბჭოს წევრად. ასეთი საბჭოები ყველა ეპარქიაში არსებობდა. მათ მნიშვნელოვანი ფუნქციები ჰქონდათ დაკისრებული ეპარქიებში არსებული საეკლესიო-სამრევლო სკოლების სასწავლო-მეთოდური ხელმძღვანელობის საქმეში. მძიმე პერიოდში მოუხდა ლაზარეს ამ საბჭოში მუშაობა. ეს ის დრო იყო, როცა დეკანოზის მანტიაში გახვეული პოლიციის თავაშვებული აგენტი ვოსტორგოვი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა საეკლესიო-სამრევლო სკოლებში რუსული ენის სწავლების საქმეში ე. წ. მუნჯური მეთოდი გაებატონებინა. „მუნჯური” მეთოდის მახვილი, როგორც ეს თავის დროზე სრულყოფილად ცხადჰყვეს იაკობ გოგებაშვილმა და ლუარსაბ ბოცვაძემ, დედაენის, ქართული ენის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთან იგი, ემყარებოდა რა მექანიკურ წვრთნასა და ზეპირობას, გამოთიშავდა რა ცნობიერების, აზროვნების მონაწილეობას რუსული ენის შესწავლის საქმეში, შეუძლებელს ხდიდა ამ ენის შესწავლასაც. მაგრამ ეს ნაკლებად აწუხებდა ამ მეთოდის „თეორეტიკოსებს”, კავკასიის სასწავლო ოლქსა და საქართველოს ეგზარქატში მოკალათებულ შავრაზმელ მოხელეებს, რომელთა ძირითად საზრუნავს წარმოადგენდა არა ხალხში სინათლის შეტანა, არამედ მათი დატოვება სიბნელესა და უვიცობაში.

ვოსტორგოის განზრახვას მკვეთრად აღუდგა წინ იმერეთის ეპარქიალური სასკოლო საბჭო. საბჭოს მიერ გაწეული მედგარი წინააღმდეგობის შედეგად საქართველოს ეგზარქატმა ვერ მოახერხა ქუთაისის ეპარქიის საეკლესიო-სამრევლო სკოლებში „მუნჯური” მეთოდის დანერგვა და ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლაზარე ხმალაძემ. ამ ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს ასე გადმოგვცემს თვითონ ლაზარე: 1916 წელს იმპერიის საეკლესიო-სამრევლო სკოლების მეთვალყურე ვანჩიკოვმა იმერეთის ეპარქიის სამრევლო სკოლები დაათვალიერა, შედეგების შესახებ იგი მოხსენებით გამოვიდა საბჭოს სხდომაზე, საბჭოს საყვედური გამოუცხადა ურჩობისათვის. ვაჩნიკოვის მოხსენებაზე საპასუხო სიტყვით მე გამოვედი. დავუმტკიცე, თუ რას ისახავდა ნამდვილ მიზნად ვოსტორგოვის პროექტი, დავუმტკიცე ლმისი სრული ანტიპედაგოგიურობა. ვაჩნიკოვმა საბოლოო სიტყვაში მხოლოდ ისღა თქვა, რომ იმერეთის ეპარქიალური საბჭო მთელს იმპერიაში ყველაზე უფრო რევოლუციური და საშიშიაო.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სიკვდილამდე ლაზარე ხმალაძე მუშაობდა რვაწლიანი სკოლის გამგედ, 1-ლი ცხრაწლიანი სკოლის გამგის მოადგილედ და უფრო ხანგრძლივად 1928-1946 წლებში მეორე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. ამავე პერიოდში იგი ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ქუთაისის მასწავლებელთა შორის, როგორც განათლების განყოფილებისა და პედაგოგიური კაბინეტის მეთოდისტი.

ლაზარე ხმალაძე დახელოვნებული ოსტატი მასწავლებელი იყო, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. იმ შინაგან მოწოდებასთან ერთად, რაც ასე მკაფიოდ იყო მასწავლებელი მოცემული, როგორც აღმზრდელში, მას თავისი გარეგნობაც დამორჩილებული ჰქონდა. სასიამოვნოდ მჟღერადი ხმა, გამოკვეთილი დიქცია, სწორი, დინჯი, გამართული ქართული, უბრალო და სადა მიმოხვრა და ჟესტი, მოკლებული ყალბ არტისტულობას, უნაკლო პედაგოგიური ტაქტი პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ლაზარესადმი პატივისცემას. მაგრამ მისი ოსტატობის გასაღები იმ არაჩვეულებრივ დისციპლინიანობასა და საქმისადმი ღრმა პასუხისმგებლობაში უნდა ვეძებოთ, რაც ასე დამახასიათებელი იყო ლაზარესათვის. რაც უნდა ცნობილი ყოფილიო მისთვის გაკვეთილის თემა, მოსწავლეების კოლექტივი, იგი ყოველი გაკვეთილისათვის, საჩვენებელი იქნებოდა იგი. თუ ჩვეულებრივი, წინასწარ საფუძვლიანად ემზადებოდა. მისი ყოველი გაკვეთილი საჩვენებელი გაკვეთილი იყო.

ლაზარეს მიერ შედგენილი საჩვენებელი გაკვეთილების კონსპექტები მათემატიკაში მართლაც რომ საჩვენებელი იყო ყოველმხრივ (საბჭოთა პერიოდში იგი სკოლებში მათემატიკურ დისციპლინებს ასწავლიდა). გაკვეთილის მიზნის გამოკვეთილად ჩამოყალიბება, ასახსნელი მასალის ფართო ილუსტრირება, სადაც არც ერთი დეტალი არ იყო დავიწყებული, მკაფიო კითხვები, რომლებიც მოსწავლეების აზრს აცხოველებს და გაკვეთილის პროცესში მათ ცნობიერ მონაწილეობას უზრუნველყოფს, ახლად ახსნილ იმასალიდან ლოგიკურად გამომდინარე სწორი დასკვნები, რომლებიც აჯამებენ უმთავრესსა და არსებითს და ბოლოს, როგორც სავალდებულო წესი, კონკრეტული მითითებანი, თუ როგორ დაამუშაონ მოსწავლეებმა გაკვეთილი შინ, რას მიაქციონ მთავარი ყურადღება, რის ფიქსირებაა საჭირო წერილობით და რა მოცულობით, რა სახით და სხვა. აი, სეთი იყო ლაზარე, როგორც მასწავლებელი.

როგორც გაკვეთილის საუკეთესო ოსტატს ლაზარეს სადრე მიუქცევია სასკოლო საქმის ხელმძღვანელთა ყურადღება. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ რეალური სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში მასწავლებლად მუშაობის პირველ პერიოდში საშუალო სკოლების დირექტორებიც კი რუსეთში უმაღლესი სკოლების კურსდამთავრებულ ახლადდამწყებ მასწავლებლებს ავალებდნენ მთელი თვეობით ლაზარეს გაკვეთილებზე დასწრებას სწავლების დიდაქტიკური და მეთოდიკური მხარეების პრაქტიკულად შესწავლის მიზნით.

ლაზარე ხმალაძე, როგორც საუკეთესო პრაქტიკოსი მასწავლებელი და განათლებული პედაგოგი, თითქმის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

პედაგოგიურმა საქმემ არ იცის წვრილმანი და მსხვილმანი. აქ ყოველ დეტალს დიდი ყურადღება სჭირდება. ეს კარგად ჰქონდა შეგნებული ლაზარე ხმალაძეს. ყველაფერში ჩანდა სასკოლო საქმის ყოველი დეტალისადმი მისი პრინციპული დამოკიდებულება, მაღალი პასუხისმგებლობა. ლაზარეს ხელით შედგენილ გაკვეთილის კონსპექტებს, მეთოდური ხასიათის წერილებს, სხვადასხვა ანგარიშებსა და საკლასო ჯურნალის ჩანაწერებს რომ კითხულობთ, პედაგოგიური საქმის იმ დიდ ცოდნასთან და დაუშრეტელ ენერგიასთან ერთად, ისიც გაკვირვებთ, თუ სად ჰქონდა ამ კაცს ამდენი მოთმინება, რომ ასე მონდომებით გამოჰყავდა ქაღალდზე თითოეული ასო, სიტყვა, ფრაზა, კალმის წვერი მაინც რატომ არ მოიდებდა ხანდახან ბეწვს და ასოს არ გაამუქებდა. როგორ ახერხებდა იგი თავიდან აეცილებინა შაბლონი, თუნდაც საკლასო ჟურნალის ჩანაწერებში, რაც თავისი ბუნებით თითქოს ერთფეროვანი უნდა იყოს. მაგრამ ლაზარეს ნათელ სახეს რომ გაიხსენებთ, ხშირი თეთრი წვერით, მის ცოცხალ თვალებს წარმოიდგენთ, წარმოიდგენთ ამ საშუალო ტანის კაცს, რომელიც ღრმა მოხუცებულობაშიაც კი გამართული, თანაბარი ნაბიჯებით დადიოდა, ყოველთვის სუფთად ჩაცმული და საქმისათვის მუდამ მზად მყოფი, ეს კითხვები მოგცილდებათ, – ლაზარე არ მისცემდა და არც აძლევდა თავის თავს უფლებას, აღზრდის საქმეს მოჰკიდებოდა როგორც მოხელე.

პრაქტიკულ პედაგოგიურ და მეთოდურ მუშაობასთან ერთად ლაზარე ხმალაძე ნაყოფიერ მუშაობას აწარმოებდა, როგორც სახელმძღვანელოების ავტორი.

ლაზარე ხმალაძის მიერ შედგენილი და 1919-1920 წლებში ქალაქ ქუთაისში არსებული მასწავლებელთა კორპორაციის გამომცემლობა „მერანის” მიერ დაბეჭდილი „კრებული არითმეტიკული ამოცანების და რიცხვითი მაგალითებისა პირველდაწყებით სკოლებში სახმარებლად”, ყველაზე სრული სახელმძღვანელოა მანამდე გამოცემულ არითმეტიკის სახელმძღვანელოთა შორის. ასე, მაგალითად,&ნბსპ; მარტო მესამე წიგნი 116 სრული, მეტისმეტად დატვირთული გვერდისაგან შედგება (ეს ალბათ, ქაღალდის ნაკლებობითაც იყო გამოწვეული). იგი შეიცავს 1171 ამოცანასა და მაგალითს, მრავალ თვალსაჩინო სურათს და იმავე მიზნით სათანადო სქემებსა და ტაბულებს. იგივე ითქმის დანარჩენი წიგნების შესახებაც. ეს სახელმძღვანელოები სისტემატურობისა და თანამიმდევრობის მტკიცდ დაცვასთან ერთად, რაც ასე აუცილებელია მათემატიკური მეცნიერებების გადმოცემისას, ყურადღებას იპყრობს სტილის სიმსუბუქით, ენის სისადავითა და სისწორით.

მარტო ამით არ ამოწურულა ლაზარე ხმალაძის მუშაობა ლიტერატურულ-საგამომცემლო დარგში. ცოტა უფრო ადრე იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის სილოვან ხუნდაძის თაოსნობით დაარსებული „წიგნის გამომცემლობის ამხანაგობის” საქმიანობაში, რომლის ხაზითაც იქნა გამოცემული ლაზარეს მიერ თარგმნილი „ორი მეგობარი – ორი გზა”. ამასთან ერთად ლაზარე ხმალაძის კალამს ეკუთვნის მეთოდური წერილები მათემატიკის, განსაკუთრებით არითმეტიკის სწავლების საკვანძო საკითხებზე და ორ კლასთან ერთდროულად მუშაობასთან დაკავშირებულ პედაგოგიურ პრობლემებზე.

ლაზარე ხმალაძე მოხუცებულობაშიც შეინარჩუნა სულის სიმხნევე და ახალგაზრდული ენერგია. 1939 წელს ლაზარე ხმალაძე საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით იგი აზეთ „ინდუსტრიულ ქუთაისში” წერდა:

“საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს მიერ დამსახურებული მასწავლებლის წოდების მონიჭება – უსაზღვრო ენთუზიაზმს იწვევს ჩემში. ჩვენს პირობებში მრავალი სიხარული განმიცდია, ამ უდიდესი ჯილდოს მიღებით გამოწვეული სიხარული ახალ ძალას მმატებს.

სიტყვას გაძლევთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ მთელს ჩემს შესაძლებლობას მომავალი თაობის აღზრდისათვის”. ამ სიტყვისათვის ლაზარეს არ გადაუხვევია სიცოცხლის ბოლომდე.

1941 წელს დაიწყო საბჭოთა ხალხის დიდი სამამულო ომი ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ. ხანდაზმული ლაზარე მტერზე გამარჯვებისათვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა. იგი ზურგში უდიდესი პატრიოტული ენერგიით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ლაზარე აქტიურ დახმარებას უწევს მასწავლებლებს სწავლების სამამულო ომის ამოცანებთან დაკავშირების აქმეში გაკვეთილებზე დასწრებით, სანიმუშო გაკვეთილების ჩატარებით, ახსნა-განმარტებითა და რჩევა-დარიგებებით. იგი მუდამ ხელმძღვანელობდა იმ გარდუვალი ჭეშმარიტებით, რომ „მტკიცე და მაგარი ზურგი ხელს შეუწყობს ფრონტზე მებრძოლთ, რაც შეიძლება მალე და საბოლოოდ გაანადგურონ ვერაგი მტერი და მოკლე ვადაში გაანთავისუფლონ საყვარელი სამშობლოს ტერიტორია ყაჩაღ ფაშისტურ ურდოებისაგან”.

სწამდა რა გარდუვალობა ამ ჭეშმარიტებისა, ლაზარე მაგალითს უჩვენებდა ყველას მტკიცე ზურგისათვის ბრძოლაში. სამამულო ომის საბჭოთა ხალხისათვის ბრწყინვალედ დამთავრებიდან ერთი წლის თავზე ლაზარე ხმალაძე წერდა:

“ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ჩემს მიერ აღზრდილებმა ღირსეულად მოიხადეს თავისი წმინდათაწმინდა ვალი დედა-სამშობლოს წინაშე და ამჟამად ისინი მეცნიერების სხვადასხვა დარგში ეწევიან ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას.

იმ უდიდესი ზრუნვის საპასუხოდ, რასაც იჩენენ პარტია და ხელისუფლება და პირადად მშობლიური სტალინი სახალხო განატლების მუშაკებისადმი, პირობას ვიძლევით, რომ მიუხედავად ხანდაზმულობისა, კვლავ ახალგაზრდული ენერგიით განვაგრძო პედაგოგიური მუშაობა მეოთხე სტალინურ ხუთწლედში”.

საბჭოთა მთავრობამ მაღალი შეფასება მისცა ლაზარე ხმალაძის დამსახურებას ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. 1946 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით პედაგოგიურ ასპარეზზე ხანგრძლივი, უანგარო და ნაყოფიერი მუშაობისათვის სსრ კავშირის უმაღლესმა საბჭომ ლაზარე ხმალაძე უმაღლესი ჯილდოთი – ლენინის ორდენით დააჯილდოვა.

ლაზარე ვასილის ძე ხმალაძე გარდაიცვალა 78 წლის ასაკში 1946 წლის 10 მაისს. იგი დაკრძალულ იქნა ქალაქ თბილისში, ვერის ახალ სასაფლაოზე. ლაზარე ხმალაძის ხსოვნას ნეკროლოგი უძღვნა გაზეთმა „კომუნისტმა” და გაზეთმა „სახალხო განათლებამ”.

გაზეთ „სახალხო განათლებაში” გამოქვეყნებული ნეკროლოგი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა:

“ჭეშმარიტად, ლაზარე ვასილის ძე ხმალაძეზედაც შეიძლება ითქვას:

არ არის მკვარი, ვინც მოკვდეს და ხალს შესწიროს დღენია,

მკვდარი იგია, ვისაც რომ სახელი არ დარჩენია.

ლაზარე ხმალაძემ დამსახურებულად დაიმკვიდრა თავისი ადგილი იმ სახელოვან მასწავლებელთა რიგებში, რომლებიც აწმყოსა და მომავალს შორის მტკიცე ხიდს დებენ, განათლებისა და აღზრდის საქმეს წინ სწევენ.