‍ანტონ ლორთქიფანიძე (1847-1894)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0089_kipiცნობილი საზოგადო მოღვაწე ანტონ ლორთქიფანიძე დაიბადა 1847 წელს სოფელ გოჩა-ჩიხაიშში (ქუთაისის მაზრა). ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა ოდესის უნივერსიტეტში, რომლის იურიდიული ფაკულტეტი 1872 წელს დაასრულა.

ქუთაისში დაბრუნებულმა თერგდალეულმა დაიწყო ბრძოლა ქართული თეატრის აღორძინებისათვის. ქუთაისში მისი და ეფროსინე კლდიაშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა წრე, რომლებიც ხშირად მართავდნენ წარმოდგენებს.

ანტონ ლორთქიფანიძე აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის საქმიანობაში, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი მეუღლე ელენე ყიფიანი. იგი მატერიალურად არაერთხელ დახმარებია მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებსაც.

ანტონ ლორთქიფანიძე გახლდათ ქუთაისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი და ქალაქის-თავის მოადგილე. დიდი სამოციანელების მსგავსად მისი ცხოვრების აზრს შეადგენდა თავისი მოქალაქეობრივი და მამულიშვილური ვალის პირნათლად მოხდა. „ისეთ მიყრუებულს და რკინიგზიდან დაჩაგრულს ქალაქში, როგორც ქუთაისისა, მართლა, რომ მოვლინებათ ჩაითვლება ა. ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკის დაბადება. მან პირველად დაანახა ქუთაისელებს, რომ შესაძლებელია კაცმა ისეთს საქმესაც მოჰკიდოს ხელი, რომლისგან შემოსავალი კი არა, ცხადი ზარალიც მოელის. მაგრამ საზოგადო სიკეთისთვის კი საჭიროა ამნაირი საქმის დაწყება. ჩვენ მადლობით მიულოცავთ ა. ლორთქიფანიძეს ამ მშვენიერი განძრახვისათვის გასჯას და ვისურვებთ, რომ იმერეთის სატახტო ქალაქმა გმოიყენოს გონების გასაზრდელად ის საშუალებები, რომლებსაც მისცემს მას ბიბლიოთეკა“ .

ქუთაისში ბიბლიოთეკის გახსნისათვის ანტონ ლორთქიფანიძე დიდი ხანი ემზადებოდა, რასაც ცხადყოფს კირილე ლორთქიფანიძეზე გაგზავნილი მისი წერილი: „ჩვენი ბიბლიოთეკის საქმე, როგორც არის გავათავე. კატალოღი უნდა წარვადგინო და გასხნის ნებას იმ დღესვე მომცემენ. წიგნებს გლახას და კარგს ფრანციზულს და რუსულს შეუყარე თავი ოთხიათასამდის. ბაბილიოვის ბიბლიოთეკის დანარჩენი ვიყიდე, სახლი ვიქირავე, ბიბლიოთეკარებიც მყავს და მებელიც მაქვს... ახლა თუ დრო გექნება, ბიბლიოთეკის პრავილოები (წესდება) გამოგვიგზავნე, აგრეთვე პატარა ბლანკები, რომელიც წიგნების წამღებს მიეცემა. ამ ბიბლიოთეკას ვხსნი ჩემს სახელზედ.“

მართლაც, ბიბლიოთეკა გახსნის პირველი დღიდანვე იქცა ქუთაისის მოაზროვნე საზოგადოების თავშეყრის ადგილად, რომელმაც ოცი წელი იარსება და 1893 წელს კი ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილებით იგი საჯარო ბიბლიოთეკად გადაკეთდა. ანტონ ლორთქიფანიძემ, აქაც დიდი ქველმოქმედება გამოიჩინა და ყოველგვარი საფასურის გარეშე, უანგაროდ საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ასევე საჩუქრად გადასცა ქალაქის გამგეობასაც, რითაც საძირკველი ჩაეყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას.

ამ ღირსეულ თაოსნობას გამოეხმაურა გაზეთი „ივერია“, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტონ ლორთქიფანიძემ „1500-იოდე ცალი წიგნი უსასყიდლოდ დაუთმო და სამუდამოდ შესწირა ქალაქს. ან.ნი. ლორთქიფანიძე ამ შესაწირავისათვის დიდი მადლობის ღირსია და, სრული იმედია, ამ ამბავს ქალაქი არ დაივიწყებს“.

საჯარო ბიბლიოთეკისათვის წიგნები შეუწირავს ასევე კირილე ლორთქიფანიძეს, სერგო ბახტაძესა და სხვა მოქალაქეებს. საჯარო ბიბლიოთეკისათვის ქალაქის სამმართველოს შენობაში ორი ოთახი იყო გამოყოფილი: ერთი საცავის, მეორე კი სამკითხველო დარბაზისათვის.

ვალმოხდილი მამულიშვილი ანტონ ლორთქიფანიძე 1894 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში, გორაზე.

დიდბუნოვან ადამიანებს დრო მხოლოდ ფიზიკურად ანადგურებს, მაგრამ სახელი მარადიული რჩებათ.