‍სერგეი მესხი (1845-1883)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0113_mesxაკაკი წერეთელს, როგორც დიდ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, თავისი ეპოქის ბევრ გამოჩენილ ქართველთან ჰქონდა გულითადი ურთიერთობა. იგი „ჩემს თავგადასავალში“ აღნიშნავდა: „მესამოცე წლების მოღვაწეებში, როგორც უფრო დაახლოებულები, ყველაზე წინ მეხატებიან: ს. მესხი, გ. წერეთელი და ნ. ნიკოლაძე“...

აკაკი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე განსაკუთრებით სათუთ დამოკიდებულებას იჩენდა მესხების ღირსეული ოჯახისადმი და სულიერი მეგობრობა აკავშირებდა მის ღირსეულ შვილებთან, რადგან პოეტი აფასებდა ყველას, ვინც თავს დებდა მშობლიური ეროვნული კულტურის საკეთილდღეოდ.

მესხებმა სიახლის ძიება იცოდნენ ჟინით, გატაცებით, ვნებით, სინდისიერად, – სწორედ ეს თვისებები ხიბლავდა აკაკის მესხებში.

ს. მესხი მკვეთრად გამოხატული ევროპულ-ამერიკული ორიენტაციის მამულიშვილი იყო, რომელიც საქართველოს განვითარების ყველაზე მისაღებ გზად დასავლეთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან კავშირ-ურთიერთობას მიიჩნევდა.

სერგეი მესხის დემოკრატიული იდეები, სამართლიანი რეფორმები, ქალთა უფლებების დაცვის საკითხი, ფემინისტური შეხედულებანი, სარწმუნოებრივი თვალთახედვა, ხელისუფლების მმართველობითი ორგანოებისადმი დამოკიდებულება, ურთიერთობა მეზობელ ხალხებთან, ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება, საქართველოში რუსეთის კოლონიური პოლიტიკური შედეგების წინაარმდეგ ბრძოლა, აფხაზეთისა და აჭარის საკითხი, შვეიცარიაში ქართველი სტუდენტების მიერ დაარსებული საზოგადოება „უღელისადმი“ მხარდაჭერა, ბრძოლა ქართული ენის უფლებათა დასაცავად, ქართული თეატრის აღორძინებისათვის მთელი ძალისხმევის მიმართვა, შეხედულებანი სწავლა-აღზრდის საკითხებზე, ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის დანერგვისათვის ღია ბრძოლა აღიზიანებდა ძველი თაობის კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანებს.

„არსად არ არის ისე ძნელი პატიოსნების სახელის დაცვა, როგორც ჩვენში. სანამ არავის პიროვნებასა და იმის საზოგადო მოქმედების რომელსამე ცუდ მხარეებზე არა გითქვამს – რა, სანამ თავ-მოყვარე კაცებს აქებ და არავის არ ამხილებ ნაკლულევანებისა და შეცდომისათვის, მანამ პატიოსანი და ყოვლად საქები, ღირსეული კაცი ხარ.

მაგრამ ერთი გაბედე და ცოტა რამ ლაქა მონახე ვისმეს საზოგადოს ცხოვრებაში და მოქმედებაში, გაბედე და საქვეყნოდ გამოააშკარავე ისეთი ნაკლულევანება და მოქმედება, რომლისა პირისა, რომელსა რამე საზოგადო მნიშვნელობა აქვს, და მაშინ მნახავ, თუ როგორ შემოგიკურთხევენ რა ეპიტეტებითა და სახელებით შეგამკობენ!

ეს კაცი მთელს ქვეყანას ჰკიცხავს! ყოვლად საპატიო პირები და საქმეები ჩვარადაც არ მიაჩნიაო! ერიდეთ მაგას! ცუდი ენისა და უპატიოსნო კალმის პატრონი კაცი არისო!“, – სამართლიანად ამხელდა ვაი პატრიოტებს სერგეი მესხი.

ს. მესხი უკიდურეს მატერიალურ ხელმოკლეობის პირობებში 14 წელი რედაქტორობდა გაზეთ დროებას. თვეში 40 მანეთი, რომელიც ჯამაგირად ეძლეოდა რედაქტორობისათვის ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებდა მის საარსებო მოთხოვნილებებს. იგი მთელი დღეები მშიერ მწყურვალი იყო და უპალტოობის გამო ზამთარშიც ვერ გამოდიოდა გარეთ. ქაღალდის შესაძენად არაერთხელ დაუგირავებია საათი, რათა გაზეთის გამოცემა არ შეფერხებულიყო.

საერთო საქმიანობისათვის ზრუნვამ იგი ვალებში ჩააგდო და ასევე ვალებშო ჩავარდა მისი ოჯახიც.

სოფელ რიონის მამულები მისმა ოჯახმა ქუთაისის საადგილმამულო ბანკში გაზეთ „დროების“ ვალებისათვის დააგირავა. ს. მესხი აუტანელ მატერიალურ და ფსიქოლოგიურ პირობებში მუშაობდა. მას მთავრობის მხრიდან არავითარი ფინანსური დახმარება არ ქონდა. სამწუხაო უფრო ის იყო, რომ თავიანთი ერთადერთი ქართული გაზეთის შენარჩუნებას, თვითონ ფართო მასებიც კი არ უჭერდნენ მხარს. ის მცირე ოდენი ხელმომწერებიც ზოგჯერ უარს აცხადებდნენ გაზეთის ღირებულების გადახდაზე და ამ საკითხის მოგვარებაც მას უხდებოდა.

სერგეი მესხი დიდი მოთმინებით იტანდა საზოგადოებრიობის გულცივობას, მოვალე ჩარჩი ვაჭრების მიერ მიყენებულ დამცირებას, შეურაცხყოფას და სიძნელეების მიუხედავად არასოდეს უფიქრია „დროებისათვის“ თავის დანებება.

„რიონის მამული მამამ „დროების" ვალებისათვის დააგირავა ქუთაისის საადგილ–მამულო ბანკში. ვალის განაღდებას რედაქცია კისრულობდა. როცა სერგეი დავკარგეთ ვალები ოჯახს კისრად დაგვაწვა მძიმე უღლად... ამასთან დაკავშირებით აკაკიმ მიმართა ბანკის კრებას: „ბატონებო! იყო დრო, დრო შავბნელი, როცა ჩვენში გარდა კუჭისა არავინ არაფერზე ჰფიქრობდა. ამისთანა დროს ორი თუ სამი ახალგაზრდა გამოვიდა საზოგადო სარბიელზე საეროვნო პროგრამით. მათ რიცხვში სერგეი მესხიც იყო. დაამთავრა თუ არა სწავლა, ის მიადგა ორკაპ გზას, ერთი იყო ია–ვარდით მოფენილი, საპირადო, საფუნდრუკო, მაგრამ ქვეყნისათვის კი საუკუღმართო. მეორე–ეკლიანი, სახიფათო, მაგრამ საზოგადო. იმან ეს მეორე აირჩია. დაუდვა თავი და საზოგადოებას მსხვერპლად შეეწირა. დიდხანს იტანჯა და რომ ვეღარ აიტანა, თან გადაყვა გულს. დარჩა ვალი, ვალი საზოგადო საქმისათვის აღებული, და არა საპირადოთ, რომელიც მისმა მცირე ადგილ–მამულმა გადაიხადა, გარდა ხუთასი მანეთისა, რომლის სახსარი აღარსად იყო. ამგვარი კაცის დავიწყება ჩვენის მხრივ უსამართლობა და დიდი უბედურება იქნება. ვალდებული ვართ – ეს დანარჩენი ვალი ჩვენს თავზე მივიღოთ და მის საფლავზე, სადღაც სოფლად მივარდნილზე, ნიშა რამ დავდგათ. პირადად მისთვის ეს ყველაფერი უსარგებლოა, მაგრამ დე იცოდეს ყველამ, რომ ქართველი შეძლებისდაგვარად არასოდეს არ ივიწყებს მის საზოგადო, გულწრფელ მოღვაწეს".

ს. მესხმა დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, მშობლიური ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.

ქართული თეატრის აღდგენისათვის სერგეი მესხმა ქართული კულტურის გულშემატკივართა შორის ფულის შეგროვება, სააქციო კომპანიების შექმნა და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები განახორციელა. ს.მესხის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ქუთაისი. იგი ერთ-ერთი პირველი ეხმაურებოდა ქუთაისის, საერთოდ იმერეთის, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემებს – ბანკის საქმე იქნებოდა თუ სასულიერო სემინარიის გახსნის, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის, საშუალო სკოლაში ქართული ენის სწავლების მდგომარეობის, წიგნების გამოცემის და სხვა საკითხები.

სერგეი მესხი ასევე ზრუნავდა ქართველი გლეხების ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მისი ინიციატივით შვეიცარიისა და რუსეთის გუბერნიების მსგავსად საქართველოში დაარსა „მეყველეთა ამხანაგობა“. მისი ზრუნვის საგანი იყო იმერეთში „საზოგადო საადგილ-მამულო ბანკის“ გახსნა. იგი ასევე აყენებდა საკითხს ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების საქმისადმი ქართველ საზოგადოებასაც გამოეჩინა დაინტერესება: „ფული წამწყმედელიც არის კაცისთვის და მაცხონებელიცაო“. ვინც გონივრულათ მოხმარება იცის, იმას აცხონებს, ვინც არა – წაწყმედს.

სერგეი მესხი აფრთხილებდა ქართველ საზოგადოებას, რომ „ჩვენ ისტორიულათ, მიწის მომუშავე, მეურნეობის მიმდევარი ხალხი ვართ, და ბანკი და იმის ფულები უმთავრესათ ამისთვის, ჩვენი მიწის დამუშავებისთვის უნდა გამოვიყენოთ“.

სწორედ, ამიტომ ამბობდა აკაკი წერეთელი „ჩემს თავგადასავალში“ სერგეი მესხზე: „თუმცა დიდი ხანი გავიდა მას აქეთ, რაც ის მოკვდა, მაგრამ უიმისოდ ვერაფერი საზოგადო საქმე ვერ წარმომიდგენია: ცოცხალივით დგას გვერდით და თანაგრძნობით იძლევა სიმხნევესო“.

იმისათვის, რომ ქართველ კაცს თავისი ეროვნული სახე მთლიანად არ დაეკარგა, ს. მესხის აზრით, აუცილებელი იყო მოჩვენებითად უდარდელი და უშფოთველი ცხოვრების ბანგნარევი ძილისაგან გამოვფხიზლებულიყავით და ქვეყნის ეროვნული ღირსების სადარაჯოზე ერთგულად დავმდგარიყავით, რათა აქტიურად დაგვეცვა ყველაფერი, რაც „ქართველობის თვისებასა და განსხვავებას შეადგენს“. სწორედ ამ რწმენითა და მამულიშვილური თვითშეგნებით იღწვოდა სერგეი მესხი, როგორც პუბლიცისტიცა და როგორც „დროების“ რედაქტორიც, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე.

დიდი საზოგადო მოღვაწე სერგეი მესხი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ რიონში, რომელიც დღეს წყალტუბოს რაიონში შედის. სამწუხაროდ რიონში დღემდე არ არსებობს საზოგადო მოღვაწე მესხების სახლ-მუზეუმი.

მაშინ, როცა თუ მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის შეფასებას მოვიშველიებთ: „მესხების ოჯახი ქართული კულტურის მთელი ხომლია, რომლის ყოველი სანთელი მეტ-ნაკლები სიძლიერით, მაგრამ ერთგვარი ურყეობით იწვოდა მრავალი წელი“.

ვფიქრობთ, დროულია ქართველი ჟურნალისტებისათვის არსებობდეს სერგეი მესხის სახელობის პრემია.