‍დავით ჩქოტუა (1849-1929)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

chqotua davitდავით ჩქოტუა დაიბადა 1849 წელს სამურზაყანოს სოფელ საბერიოში. მამა, ზურაბ მანუჩარის ძე ჩქოტუა, საკმაოდ შეძლებული თავადი იყო, რომელმაც წარმატებული სამხედრო სამსახურის გზაზე რუსეთის მთავრობისგან გენერლის ჩინი მიიღო. დავითის დედა დადიანის ქალი იყო. ამ ოჯახის ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სახლის უფროსი ზურაბ ჩქოტუა ძველი წესისამებრ არჩეული იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ (ჰამუთ-ბეგ) შარვაშიძის შვილების აღმზრდელად. რადგან ერთად იზრდებოდნენ, დავით ჩქოტუა და გიორგი შარვაშიძე ერთმანეთს ძიძიშვილობის წესითაც დაუკავშირდნენ. ურთიერთსიყვარული და პატივისცემა მათ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს. ოჯახური განათლება დაფუძნებული იყო ქართულ-აფხაზურ კულტურასა და ადათ-წესებზე. სწორედ შარვაშიძეების ოჯახში გაეცნო დავით ჩქოტუა ,,ვეფხისტყაოსანს’, რომელიც შემდგომ მისი მეცნიერული ინტერესის საგანი და საბედისწეროდ შეცვლილი ცხოვრების გზაზე ერთადერთ სულიერ საგზლად იქცა.

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ განათლების სრულყოფის მიზნით 1869-75 წლებში დავით ჩქოტუა სწავლობს ჯერ ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურუდიულ ფაკულტეტებზე. პეტერბურგში სწავლების პერიოდში იგი აქტიურად იწყებს თანამშრომლობას გაზეთ ,,დროებასთან“, რომლის რედაქტორი იმხანად სერგეი მესხი იყო. ამ პერიოდშივე აფხაზეთის მთავრის შვილი გიორგი შარვაშიზე ჯვარს იწერს საქართველოს ყოფილი მეფისნაცვლის პირად ექიმ ერასტ ანდრეევსკის ქალზე, ელოზე. მეუღლის მზითვად მიღებული მამულების სამართავად გიორგი პეტერბურგიდან იწვევს თავის ძუძუმტეს, დავით ჩქოტუას, რომელსაც უკვე მიღებული აქვს იურიდიული განათლება. დავითთან ერთად მოწვეულია აგრეთვე მოსკოვის უნივერსიტეტის ასევე იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული დავით ანჩაბაძე. ამ განათლებული ახალგაზრდების სახით, რომლებიც ქართველ სამოციანელებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც, აფგხაზეთს ახალი ქომაგები უჩნდებოდა. ეს კი, ცნობილი მიზეზების გამო, არანაირად ხელს არ აძლევდა იმპერიის ინტერესების დამცველ ძალებს. მით უფრო, რომ აფხაზი ხალხის სასიცოცხლო პრობლემატიკა ,,ივერიისა“ და ,,დროების“ ფურცლებზე სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა. ამიტომ მათი დისკედიტაცია პატრიოტული სულისკვეთების განელების საუკეთესო საშუალება იყო. საჭირო იყო მხოლოდ ხელსაყრელი მომენტის ,,გონივრულად“ გამოყენება. ასეთი მომენტიც გამოჩნდა და იგი დაუკავშირდა 1876 წლის 22 ივნისს თბილისში კავკასიის მთავარსამმართველოს გენერალ-შტაბ-დოქტორის, ვორონცოვის პირადი ექიმის, ერასტ ანდრეევსკის, უფროსი ქალიშვილის, ნინოს, მტკვარში დახრჩობას. გამოძიებამ მისი მკვლელობის ორგანიზებაში დავით ჩქოტუა დაადანაშაულა (მიზეზად გიორგი შარვაშიძის მიერ სიმამრის მამულების ხელში ჩაგდების სურვილი დასახელდა - პ. ქურდოვანიძე, ქართულ-აფხაზური ალბომი, 2008, გვ.29-30). ამ აღმაშფოთებელმა ბრალდებამ მთელი ქართული საზოგადოება ფეხზე დააყენა. ვერ გაჭრა ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა (ილია, აკაკი, სერგეი მესხი და სხვ.) და ცნობილ იურისტთა (მაგ. პოლონელი ვლ. სპასოვიში, ქართველი ნ. ორბელიანი) მცდელობამ. ჩქოტუას უდანაშაულობაზე მეტყველებდა მსგავს საქმეთა გამოცდილი ექსპერტის, პროფ. ი. მ. სოროკინის, გამოკვლევაც ,,მკვლელობა თუ შემთხვევითი უბედურება“, სადაც მწყობრად იყო გადმოცემული მოვლენათა მსვლელობა, რომ ნინო ანდრეევსკაია ბანაობის დროს წყალმა გაიტაცა, რასაც ნაპირზე დარჩენილი მისივე ხელით დალაგებული ტანსაცმელიც ადასტურებდა. მიუხედავად ამისა, დავით ჩქოტუას 20 წლით კატორღა და სამუდამოდ ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. როგორმე უნდა დამტკიცებულიყო, რომ დავით ჩქოტუა გიორგი შარვაშიძის კარნახით მოქმედებდა. ცხადია, ამ განაჩენით სახელოვანი გვარის წარმომადგენლის სახელის შებღალვასაც ცდილობდნენ. ამიტომაც შეურაცხყოფილი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილი თბილისს ტოვებს და ქუთაისში მკვიდრდება.

გადასახლებაში მყოფი დავით ჩქოტუა ხსნას ინტელექტუალურ მუშაობაში ეძებს და იწყებს მუშაობას ,,ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილ 800-გვერდიან გამოკვლევაზე. განსაკუთრებულ თანადგომას (როგორც მატერიალურს, ისე სულიერს) მას უწევს ოდესის უნივერსიტეტის რექტორი ვასილ პეტრიაშვილი. აი, რას წერს დავითი თავის მეგობარს: ,,თუ მე კვლავ ვარსებობ ზნეობრივი და გონებრივი სიცოცხლით და არ გავბოროტებულვარ ცხოვრების, ადამიანებისა და თვით საკუთარი თავის მიმართ, ამას უნდა ვუმადლოდე შენს მეგობრობას, რომელიც დასაყრდენია ჩემგვარ უბედურებაში ჩავარდნილი კაცისათვის, ყოველივე ეს კი შესაძლებელია დააფასო მაშინ, როცა ნამდვილად გრძნობ ასეთი შემწეობის საჭიროებასა და აუცილებლობას...“ სხვა წერილში კი აი რაზე წუხს: ,,საწყალი ნინა ერასტოვნა! რომ შეეძლოს იმის შეტყობა, თუ რამდენი ადამიანი გაუბედურდა მისი მიზეზით“. დავით ჩქოტუას პიროვნებით, მისი ამტანობით არა ერთი ადამიანი იყო მოხიბლული. მაგ. მწერალი შალვა დადიანი, რომელმაც თავისი რომანის ,,გვირგვილიანების ოჯახის“ მთავარი პერსონაჟის, ვამეხის, პროტოტიპად სწორედ ეს მწარე ხვედრის მქონე ადამიანი აირჩია.

უბედობა ბოლომდე სდევდა დავით ჩქოტუას. 1917 წელს გადასახლებიდან დაბრუნებულს ზუგდიდში მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე წაუკითხავს თავისი ცხოვრების მთავარი ნაშრომის ერთგვარი კონსპექტური მონახაზი, რომელშიც ავტორი ამჟღავნებს ქართული მწერლობის, მითოლოგიისა და კულტურის საფუძვლიან ცოდნას. 1920 წელს ნაშრომის სრული ვარიანტი მოხუც დავითს წარუდგენია თბილისში, მსახიობთა კავშირში, სადაც იგი მოსწონებიათ და მალევე გადაუწყვეტიათ მისი დაბეჭდვა. (ამ ფაქტის მოწმე თურმე გამხდარა კავშირში მყოფი შალვა დადიანი). მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ: დასაბეჭდად გამზადებული ხელნაწერი უგზო-უკვლოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ ორი მცირე ფრაგმენტი, რომელიც აღმოჩნდა დავითის ძმისშვილის, რ.ნ. ჩქოტუას, ოჯახში. მისი პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის სიმონ ჯანაშიას.

დავით ჩქოტუა პირველია აფხაზ მკვლევართა შორის, რომელმაც ყურადღება მიაქცია ჩვენს დიდ სულიერ საუნჯეს. შემორჩენილი ფრაგმენტებიც კი თვალსაჩინოდ ავლენს ამ კვლევის მაღალ მეცნიერულ დონეს.

გარდაიცვალა დავით ჩქოტუა 1929 წელს.

 


ლიტერატურა:

ს. ცაიშვილი, წინამორბედნი და თანამედროვენი, თბ. 1986,

პ. ქურდოვანიძე, ქართულ-აფხაზური ალბომი, 2008

ო. ჭურღულია, დავით ჩქოტუა, 1964