‍პოლიევქტო კვიცარიძე (1849-1904)

ავტორი: არკადი ხუნდაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

kvitsaridze polievqto1904 წლის 19 იანვარს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ნიჭიერი მკვლევარი და სახელმძღვანელოს ავტორი, მწერალი პოლიევქტო კვიცარიძე.

პოლიევქტო კვიცარიძემ დაიმსახურა ამხანაგ-მეგობრებისა და ფართო საზოგადოების უმწიკვლო სიყვარული და განუსაზღვრელი პატივისცემა. მისმა სიკვდილმა დიდად დაამწუხრა ის ახალგაზრდები, რომელთაც, როგორც აღმზრდელსა და მასწავლებელს, პოლიევქტოს უშუალო და განუწყვეტელი კავშირი ჰქონდა. ეს ჩანს იმ მეტად მგრძნობიარე ნეკროლოგში, რომელიც 1904 წლის №5 გაზეთ „კვალში” გამოქვეყნდა და რომელიც ასე მთავრდებოდა: „პოლიევქტო კვიცარიძე, როგორც სამაგალითო მასწავლებელი ძლიერ ბევრ მის მოწაფეს უყვარდა და ეს სიყვარული კიდეც გამოიხატა სავსებით მის საფლავზე წარმოთქმულ რამდენიმე გულწრფელ სიტყვებში”.

პოლიევქტო კვიცარიძე საშუალო განათლების მიღების შემდეგ შედის პეტერბურგის უნვიერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებას ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზების გამო და სამშობლოში დაბრუნებული იწყებს მასწავლებლობას.

განსაკუთრებით აღსანიშნავი აპოლიევქტო კვიცარიძის მასწვლებლობა და დაუღალავი, საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქუთაისში, სასულიერო სასწავლებელში. ავადმყოფობამ ნება არ მისცა პოლიევქტოს, რომ გაეგრძელებინა მისი საყვარელი საქმე და ის, ჯან-ღონე გამოლეული, იძულებული ხდება, დაანებოს თავი სამსახურს, ჩამოცილდეს მოზარდი თაობსი სწავლა-აღზრდის მეტად საპატიოსა და საყვარელ საქმეს. ამას გულის ტკივილითა და მწუხარებით აკეთებს ის 1902 წელს.

არა მარტო ქუთაისის საზოგადოებაში, არამედ მთელ საქართველოში პოლიევქტოს დიდი ავტორიტეტი და სიყვარული ჰქონდა მოპოვებული. მას განსაკუთრებით კარგად იცნობდნენ, როგორც ქართული ენის საუკეთესო მცოდნეს და საზოგადო მოღვაწეს.

არ იყო ქუთაისში არც ერთი საზოგადოებრივი საქმიანობა, რომლის დამაარსებელთაგანი და სულისჩამდგმელი პოლიევქტოც არ ყოფილიყოს. პოლიევქტო კვიცარიძის ინიციატივითა და ხელისშეწყობით დაარსდა ქუთაისში მეტად სიმპათიური და დიდად ნაყოფიერი საზოგადოება „წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობა”. პოლიევქტო ამ საზოგადოების სარედაქციო კომისიის მუდმივი წევრი იყო. ცნობილია, თუ რა დიდი როლი შეასრულა ხალხში წიგნების გავრცელების საქმეში ამ საზოგადოებამ. მისი ნაყოფიერი მუშაობის შესახებ ბევრჯერ ყოფილა წერილები მოთავსებული ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში.

„წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობის საზოგადოება” პოლიევქტო კვიცარიძის პირმშოაო, ამბობდნენ ქუთაისში და ეს სრული სიმართლე იყო. პოლიევქტო კვიცარიძე წევრი იყო იმ ჯგუფისა, რომელმაც გამოსცა კრებული „ცდა”. მასში მოთავსებული წერილების, ნარკვევების, მოთხრობა-ლექსების, რეცენზიებისა და მიმოხილვების გაცნობა გვაძელვს საშუალებას დავასკვნათ, რომ აღნიშნული კრებულის გამოცემით ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრება ქუთაისში საგრძნობლად წავიდა წინ.

უთუოდ ყურადღების ღირსია, კერძოდ, აღნიშნულ კრებულში მოთავსებული პოლიევქტოს ნარკვევი „ალექსანდრიანი”. პოლიევქტო კვიცარიძე ნარკვევს შემდეგი სიტყვებით იწყებს: „გაგიგონიათ, მკითხველო, ძველი ქართული ხელთნაწერი წიგნი ამ სახელით „ალექსანდრიანი”? – არა მგონია, და თუ გაგიგოიათ, წაკითხული მაინც არ გექნებათ. წაკითხვა რომ მოგენდომებინა, ძნელი საშოვნელი იქნებოდა. ერთი ცალი დაცულია წერა-კითხვის საზოგადოების წიგნთსაცავში, მაგრამ თავში სამი ფურცელი აკლია და ბოლოში კიდვ მეტი. მეორეც, ე. მ. ხოშტარიას აქვს სამეგრელოში. მესამეც იქითგან გადმოღებული მე მაქვს. ეგებ კიდევ სადმე მოიპოვებოდეს, მაგრამ რათ გინდა? მსურველს ხელი არ მიუწვდება წასაკითხათ. დიდი მოთმინებაც ხომ უნდა ამოდენა ხელთნაწერის წაკითხვას. მაშ, არ დამემდურები, რომ გაგაცნო ეს შუა საუკუნოების დამახასიათებელი პოემა. შორითგან კი უნდა დავიწყო...”

„ალექსანდრიანი”, რომლის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა ერთობ ვრცლად გააკეთა პოლიევქტო კვიცარიძემ, საყურადღებო ნაწარმოებად არის აღიარებული. აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე არკვევს საგმირო-ზღაპრულ თავგადასავალს ალექსანდრე მაკედონელისას „ალექსანდრიანს”, ჩერდება ამ პოემის ქართულად მთარგმნელის ვინაობაზე და მის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვინ თარგმნა ის ქართულად, – თვითონვე ასე უპასუხებს: „ამ კითხვაზე პასუხს იძლევა მეორე ლექსითი რედაქცია, რომელსაც ეწოდება „ამბავი ძველმოახსენებელი დიდისა და პატიოსანისა კეთილის მოქმედისა კკაცისა და ცათქვეშეთ მყრობელისა და მეფისა მაკედონელისა ალექსანდრესი, – შობისა და ცხოვრებისა და სიმხნისა მისისათვის”, დამყარებულია ახლახან დასახელებულ პროზაულ რედაქციაზე და წარმოადგენს, ნამდვილად რომ ვთქვათ, უკანასკნელის გალექსვას. ის შედგება 141 თავისა და 1921 სტროფისაგან და იწყება ასე: „ესე ამბავი ჩრდილოეთს რუს ქვეყანად იყო დებული: ჟამთა სიგრძისა ძველქმნილთა ყოვლს ქვეყნად დავიწყებული, გადმოეთარგმნა ქართულად არჩილს ვინ იყო ქებული; მიბრძანეს ლექსად გამოვთქვი, მსმენელო, იყავ შვებული”.

პოლიევქტო კვიცარიძეს, როგორც მკლევარსა და ლიტერატორს, ბევრი წერილი აქვს მოთავსებული „დროებაში”, „იმედში”, ჟურნალ „ივერიაში”, „თეატრში, „ნობათსა” და სხვ.

ამ ჟურნალ-გაზეთებში პოლიევქტო წერდა, სხვათა შორის, ლექსებსაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლექსი „ყრმას”, რომელიც ავტორმა 1885 წლის №№3, 4, 5, გვ. 140 ჟურნალ „ნობათში” მოათავსა. აღნიშნული ლექსი გვაცნობს პოლიევქტო კვიცარიძის შეხედულებებს მოზარდ თაობაზე და იმ სულიერ სიფაქიზეს, რითაც ხასიათდება ის – მასწავლებელი და მწერალი. ავტორი წუხს, კაეშანი აწვება გულზე, რადგან ვერ ახერხებს, რომ უთხრას ბავშვს, რაც სურს, ვინაიდან ის ნორჩია, მცირეწლოვანია და ყველაფრის გაგება გაუჭირდება. „– აბა, რა გითხრა მცირე წლოვანსა”, – მიმართავს იმ პატარას, რომლის სყრმეს ნორჩსა და ყვავილოვანსა კვნესა-ხვნეშანი მოსდევს, რადგანაც ქვეყნად ჯრ კიდევ ბლომად იმყოფებიან ბოროტი და დაუნდობელი ადამიანები.

ხალხში გავრცელებული ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგაა მიმართული პოლიევქტო კვიცარიძის ბალადა „ქაჯი”. ეს მეტად საყურადღებო ბალადა ავტორმა 1885 წლის ჟურნალ „ნობათში” (№№3, 4, 5) მოათავსა. მძიმე შრომით დაღლილ-დაქანცული გლეხი მიდის საღამოს სახლში. გზაზე შემოაღამდება. გლეხს შიში იპყრობს, რადგანაც მან უნდა გაიაროს ის გზა და ღელე, სადაც „ქაჯებს” მოელოდა შეშინებული, დამხმარედ უხმობს ყველა წმინდანს, მაგრამ... ვიღაც ბანჯგვლიანი, ერთი ციდა ღოჯებიანი კრუნჩხვა-გრეხით აედევნება მას და არ ცილდება. გლეხი ხედავს, რომ ქაჯი ხან გამოჩნდება და ხან კიდევ მიიმალება. ამ ტანჯვა-წამებაში რომ არის, მას უეცრად ეკალი მოედება კალთაზე, ძალზე შეშინებული, ის რწმუნდება, რომ „ბოროტი სული” ჩაეჭიდა და არ ეშვება. ენა ჩავარდნილი

„გარბის ქშენითა, არც აქვს ილაჯი,
აბა, რა ექნა, თა მიდევს ქაჯი,
და მაშინ მხოლოდ გაქრა მაცდური,
რა გლეხს წინ ადხვდა მისი სადგური.
იგი შიგ შერბის ჯან-დაკარგული”.

თავზარდაცემული ცოლი ცივი ხმით შეკივლებს ქმარს:

„რას შემოიჭერ? რა შეგმთხვევია?
უბედურება ხომ არ გწვევაი?
მაგრამ უენოს ხმა ვერ გაეცა,
მუხლთ მოესერა, იქვე ჩაეცა...”

ვერ მოარჩინეს. ის მსხვერპლი გახდა უმეცრებისა და ცრუმორწმუნებისო, წერს პოლიევქტო კვიცარიძე და ასე ამთავრებს ბალადას:

„ან რით არგებდნენ? თავი მოცული
ცრუმორწმუნებით სიყრმითვე ჰქონდა
და, გლეხს საგნებზე ცნობა ნამდვილი
თუმცა ჰქონოდა, თვით მიხვდებოდა,
რომ ტვინი ჰქონდა ფიქრით ავსილი
და თავისივე ჰსდევდა აჩრდილი”.

პოლიევქტო კვიცარიძეს დიდი შრომა მიუძღვის ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში. ვერც ერთი ჩვენი მეცნიერი – მკვლევარი ენის დარგში გვერდს ვერ აუხვევს „ქართულ სწორმეტყველებას”, რომელიც პოლიევქტო კვიცარიძემ შეადგინა. ეს საყურადღებო ნაშრომი 1889 წელს გამოიცა. „სწორმეტყველების” გამოსვლას მიესალმა ცნობლი მწერალი და მოღვაწე გიორგი წერეთელი. იგი აღნიშნავდა, რომ პოლიევქტო კვიცარიძის „სწორმეტყველება” საფუძვლად დაედება ახალი ქართული ენის შესწავლის საქმესო. „სწორმეტყველების” გამოსვლას ჟურნალი „მეურნე” რამდენიმეჯერ განცხადებების გამოქვეყნებით აგმოეხმაურა და იქვე დასძინა, რომ ამ სასარგებლო ნშრომის გაცნობით ჩვენ ქართული ენის წესებს შევისწავლით და ეს ფრიად დიდი სასარგებლო და საჭირო იქნებაო.

პოლიევქტოს განზრახვის შესახებ, შეედგინა „სწორმეტყველებიდან” „ღრმატიკული თავთავები”, ჟურნალმა „მწყემსმა” სიხარულით ასე აცნობა მკითხველ საზოგადოებას: „პოლიევქტო კვიცარიძე აპირებს დაბეჭდვას ერთი პაწაწა წიგნისას, რომლისთვისაც სახელად დაურქმევია „ღრმატიკული თავთავები”. ამ წიგნაკის შინაარსი გამოკრებილია თურმე მისივე „სწორმეტყველებიდან” და გამოსადეგი იქნება პატარებისათვის”.

1885 წლის №28 ჟურნალ „თეატრში” დ. დეკანოზიძე (დ. კარიჭაშვილი) ვრცლად ეხება და არჩევს „სწორმეტყველებას”. დავით კარიჭაშვილი საკმაო შენიშვნებს აძლევს პოლიევქტო კვიცარიძეს, მაგრამ ამასთან ერთად ხაზს უსვამს, რომ ავტორს საკმაოდ კარგად აქვს გარჩეული სიტყვის აგებულება, ფესვი, თავსართი და ჩასართიო.

„სწორმეტყველება” მეტად ცუდად გამოიცა, რის გამოც ბევრჯერ გამოთქვა პრესამ თავისი აღელვება, რომ ასე საჭირო და კარგად დაწერილ წიგნს ვერ გამოუჩნდა კარგი გამომცემელი.

კერძოდ, ჟურნალი „მწყემსი” წერს: „გამოვიდა ახალი წიგნი „ქართული სწორმეტყველება”, შედგენილი პოლიევქტო კვიცარიძის მიერ. ეს წიგნი, როგორც თვით ავტორმა გვიამბო, ბევრი შეცდომით გამოუშვია გამომცემელს, რაისა გამო ავტორი აპირებს ხელახლად ამ წიგნის გამოცემას”.

პოლიევქტო კვიცარიძე „ქართული სწორმეტყველების” გამოქვეყნებამდე ზოგიერთი საკითხის გამოსარკვევად და დასაზუსტებლად წერილით გამოვიდა გაზეთ „დროებაში”: „...მე შევადგინე მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოდ ქართული გრამატიკა. მაგრამ სანამ თვითონ წიგნს გამოვსცემდე, გარდავწყვიტე წინდაწინვე გამოვაქვეყნო ჩემ მიერ ნახმარი თერმინოლოგია დაწვრილებითი სარკვევის დაბეჭდვით. აქ ისიც ცხადად სჩანს, თუ რა უარმიყვია, რა მომიწონებია და რა ახალი შემომიტანია. ამით მცოდნე პირნი და ნამეტურ ქართული ენის მასწავლებელნი ზნეობითად ვალდებულნი ხდებიან, რომ ამაზე ასე თუ ისე ხმა გაიღონ საზოგადო ორგანოში.

შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი პირნი, რომელთაც საჭიროდ არ მიიჩნიონ ამაზე საქვეყნოდ წერილების ბეჭდვა საზოგადო ორგანოში, იგებ იმიტომ, რომ ცოტა რამ აქვთ სათქმელი და საკამათო ჩემთან; აი, იმისთანა პირთ უმორჩილესად ვსთხოვ პირდაპირ ჩემთან იქონიონ მიწერ-მოწერა (ადრესი: ქუთასი, სასულეირიო სასწავლებლის მასწავლებელს პოლ. კვიცარიძეს) და მზად ვარ, პასუხი მივუგო თუნდ კერძოდ, თუნდ გაზეთისავე საშუალებით. ანარადა, ყოველივე მათი მონაწერი სახესი მიღებული იქნებიან იმ კერძო კრებაზე, რომელიც მოკლე დროში უნდა მოხდეს ქუთაისში ქართულ საგრამატიკო თერმინოლოგიის შესამუშავებლად.

აი, ის სარკვევიცა, ზემოდ რომ მოგახსენებდით:

შეასვალი – საგანი. საგანი გრძნობით და განყენებითი. ნიშნეულობა საგნისა. ნიშნეულობა არსებით და შემთხვევითი...

ნაწილი პირველი – სიტყვათა წარმოება. შენადგენობა სიტყვისა. ბგერა-ხმანი. ანბანი...

ნაწილი მეორე – სიტყვათა თხზულება.

1. ფიქრი და მსჯელობა. ჩვეულებრივი და საუკეთესო საშუალება მის გამოსახატავად. წინადადება. მთავარნი წევრნი წინადადებისა: ქვემდებარე და შემასმენელი. განამრტებითი სიტყვები. მოკლე და ვრცელი წინადადება...”

ყოფილი მოსწავლენი მაღალ შეფასებას აძლევენ პოლიევქტოს, როგორც მასწავლებელს.

ცნობილი პედაგოგი და მწერალი დომენტი თომაშვილი სიყვარულით იგონებს პოლიევქტო კვიცარიძეს და დაწვრილებით გვიამბობს, თუ როგორი პატივისცემით სარგებლობდა ის მოსწალეებში. მოგონების ავტორი მოგვითხრობს, თუ როგორ აყვარებდა ის პატარებს ქართულ ენას, ქართულ დამწერლობას და რა ხერხებს მიმართავდა, რომ ბავშვებიც დაწაფებოდნენ მშობლიურ ლიტერატურას. პოლიევქტო კვიცარიძე ისე გვიყვარდაო, – წერს დ. თომაშივილი, – რომ მას, უბრალოდ, პოლიას ვეძახდით და ყოველთვის მასთან ყოფნა გვინდოდაო.

არასდროს უნახავს მოსწავლეებს პოლიევქტო, რომ ის ხელცარიელი მისულიყოს სკოლაში და რომელიმე ქართული წიგნი არ მიეტანოს. საყვარელი მასწავლებელი კარგად გრძნობდა, რომ ასეთი მოქმედება მას იაფად არ დაუჯდებოდა, უფროსებს რომ შეემჩნიათ და ამისათვსი იყო ერთგვარ ხერხსაც მიმართავდა, რომ ქართული წიგნის კითხვის დროს მოსწავლეებიც არ ჩავარდნილიყვნენ ხიფათში.

დომენტი თომაშვილის მოგონებაში ერთი ადგილი ასე იკითხება: პოლიას გაკვეთილებზე მოჰქოდნა სხვადასვა ქართული წიგნი. გადაგვაშლევინება „დავითნს” და ჩვენ კი ხან „ცდას” ვკითხულობდით და ხან „ივერიას” და ასე. „დავითნის” გადაშლა საჭირო იყ, თუ ვინიცობაა „სმოტრიტლის” ჭროღა თვალები მოულოდნელად შემოანათებდა...”

მოგონების ავტორის გადმოცემით, ის ისე ხსნიდა კლასში გაკვეთილს და ისე მიიტანდა მას მოსწავლეებამდე, რომ მათი უმრავლესობა ახსნილ მასალას სკოლაშივე სწავლობდა.

შეამჩნევდა თუ არა პოლიევქტო მოსწავლეს, რომ ის შეუძლოდ იყო, მივიდოდა მასთან, მიუალერსებდა, მოეფერებოდა, გამოკითხავდა ზოგიერთ რამეს და ექიმთან წაიყვანდა.

– პოლის რომ ველაპარაკებოდით, გვეგონა, მშობლებთან ვიყავით და მათთან ვსაუბრობდითო, – ამბობენ მისი ყოფილი მოსწავლეები და იქვე უმატებენ: თუ გინდა, კარგი და საყვარელი მასწავლებელი იყო, ისე უნდა გიყვარდეს მოსწავლეები, როგორც ჩვენ პოლიევქტო კვიცარიძეს ვუყვარდითო.